პაველ ჰერჩინსკი – ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულდა, ზოგიერთზე მუშაობა ახლაც გრძელდება

საქართველოს პარლამენტი ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, მაგალითად ვენეციის კომისიის და „ოდირის“. მუშაობა გაგრძელდება. შედეგებზე დაყრდნობით შვაფასებთ საქართველოს პროგრესს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე ესაუბრა.

„ისევ ვიმყოფები საქართველოს პარლამენტში, მქონდა შეხვედრა შალვა პაპუაშვილთან. წლის დასაწყისში ჩვენ ვისაუბრეთ 12 ვალდებულების შესრულების პროცესზე. როგორც იცით, ზოგიერთი პრიორიტეტი შესრულდა, ზოგიერთზე მუშაობა ახლაც გრძელდება. საქართველოს პარლამენტი ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, მაგალითად ვენეციის კომისიის და „ოდირის“. მუშაობა გაგრძელდება. შედეგებზე დაყრდნობით შევაფასებთ საქართველოს პროგრესს. ეს გამოქვეყნდება ევროკომიიის მიერ ოქტომბერში და შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იმსჯელებენ შედეგებზე, სამომავლო ნაბიჯებზე. ასე რომ, წინ ძალიან საქმიანი წელი გვაქვს. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას საქართველოს და ქართველ პოლიტიკოსებს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო წარმატებით დაასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას და შედეგი პოზიტიური იქნება.

„ევროკავშირი არის ორგანიზაცია რომელიც აკავშირებს 27 წევრ ქვეყანას და ორგანიზაციის ყველა წევრი დამოუკიდებელია საკუთარი პოზიციის გამოხატვაში. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი შეფასებული იქნება პირველად ევროკომისიის მიერ ოქტომბერში, შემდეგ კი ამას ორგანიზაციის 27 წევრი ერთად განიხილავს დაახლოებით წლის ბოლოს. ეს იქნება მომენტი, როცა წევრი სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ ერთსულოვნად, როგორ უპასუხონ საქართველოს სურვილს, გახდეს ევროკავშირის წევრი. მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ ჩვენის მხრივ ვიმედოვნებთ, რომ ეს მუშაობა წლის ბოლოს პოზიტიური შედეგით დასრულდება“, – განაცხადა ელჩმა.