სტოკჰოლმში მომხდარი აფეთქების შემთხვევების რაოდენობა წლის განმავლობაში უკვე ორნიშნა ციფრით გამოიხატება

შვედეთში აფეთქებისა და სროლის გახშირებული შემთხვევების აღკვეთის მიზნით, სტოკჰოლმის მასშტაბით 100 პოლიციელის გადანაწილება მოხდა.

შვედეთის ხელისუფლებამ დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტოკჰოლმში გადასანაწილებლად, სადაც ბოლო დროს სროლებისა და აფეთქებების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, 100 პოლიციელის მობილიზება მოახდინა.

სტოკჰოლმში მომხდარი აფეთქების შემთხვევების რაოდენობა წლის განმავლობაში უკვე ორნიშნა ციფრით გამოიხატება, სროლის შემთხვევების რაოდენობა კი საგანგაშო ტემპით განაგრძობს მატებას. ფატალური სროლების მხრივ, 2022 წელი განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა.

ძალადობრივი დანაშაულის მასიური ტალღა ქალაქში უკანონო საქმიანობის კონტროლისთვის მებრძოლ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის არსებულ მუდმივ კონფლიქტს უკავშირდება.

„სროლებისა და აფეთქებების შემთხვევების ბოლოდროინდელი მატების ფონზე, ჩვენ სტოკჰოლმში დამატებითი ძალების გაგზავნის აუცილებლობა დავინახეთ, რათა არსებული კონფლიქტების შედეგად გამოწვეული მკვლელობები თავიდან იქნას აცილებული და ზოგიერთ ლოკაციაზე მეთვალყურეობა გაძლიერდეს“ – განაცხადა იოჰან ოლსონმა, პოლიციის ეროვნული ოპერატიული დეპარტამენტის ხელძღვანელმა პრესრელიზში.

სამართალდამცავები დედაქალაქში შვედეთის ყველა რეგიონიდან გაიგზავნებიან და სტოკჰოლმის მასშტაბით სულ მცირე მომავალი ორი კვირის განმავლობაში განლაგდებიან. ოლსონმა დაადასტურა, რომ დამატებითი ძალები ადგილზე „მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში“ დარჩებიან.

„ეს მისასალმებელი გადაწყვეტილებაა“ – განაცხადა მატიას ანდერსონმა, სტოკჰოლმში რეგიონალური პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა და დასძინა, „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალადობის ეს სერიოზული ტალღა შევაჩეროთ, რომელმაც მთელი რეგიონი მოიცვა და რისი აღკვეთაც დამატებით რესურსებს მოითხოვს“.

შვედეთში და განსაკუთრებით, ქვეყნის დედაქალაში, არსებული რთული და ძალადობრივი ფონის გამო, ქვეყნის მოსახლეობა, როგორც უფროსები, ასევე, ბავშვები, შეშინებულები არიან და თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ.

წყარო: tv7.ge