დავოსში არვის უთქვამს იმ რიკოშეტის შესახებ, დასავლეთმა რომ იგემა რუსეთის ეკონომიკის დასაქცევად

18 იანვარს მასობრივი გაფიცვები გაიმართა საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა პარიზის ქუჩებში მოთხოვნით — უარი საპენსიო რეფორმას, ანუ საპენსიო ასაკის გაზრდას, რასაც გეგმავს საფრანგეთის ხელისუფლება.

გაფიცული ტრანსპორტის მუშაკები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, კატეგორიულები იყვნენ თავიანთ მოთხოვნებში, რასაც მოჰყვა პოლიციასთან შეჯახება, ამ უკანასკნელთა მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენება და, რაც თვალშისაცემია — ძალის, ერთობ გადაჭარბებულის.

დიდია დაკავებულ გაფიცულთა რაოდენობაც, მაგრამ პროფკავშირები არ ცხრება. ახალი გაფიცვით იმუქრება, რომელიც 31 იანვარს გაიმართება.

გაფიცულები პრეზიდენტსა და მთავრობას ადანაშაულებენ უმოქმედობაში, ზედაპირულობაში, ხალხის სოციალური პირობების გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესებაში. ფრანგული პრესა აკრიტიკებს ხელისუფლებას ფუქსავატობაში, ჭარბ უცხოურ მოგზაურობებში დიდი ფულის ხარჯვაში.

არანაკლები მასობრიობა იყო დიდი ბრიტანეთის ქალაქებში გამართულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში. იქ მედიცინის მუშაკები აქტიურობდნენ. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ხელფასების მომატებას, გაზრდილი ინფლაციის შესაკავებელი ღონისძიებების გატარებას, სხვა სოციალური პრობლემების გადაჭრას.

იქაც, ისე, როგორც პარიზში, ადგილი ჰქონდა დემონსტრანტებისა და პოლიციელების ერთმანეთთან შეჯახებას, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ხელკეტების, გადაჭარბებული ძალის გამოყენებას პოლიციელთა მხრიდან.

პარალელურად, შვეიცარიის დავოსში მიმდინარეობდა მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი — ყოველწლიური ღონისძიება, მსოფლიო ლიდერთა და ბიზნესმენთა მონაწილეობით. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ წლევანდელი დავოსი მჭლედ გამოიყურებოდა სახელმწიფოთა ხელმძღვანელების არყოფნის გამო. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიის კანცლერ შოლცს მოუწია ჟურნალისტთა არასასიამოვნო კითხვებზე პასუხის გაცემა.

დავოსის ფორუმზე რუსეთს არ მისცეს დასწრების უფლება უკრაინაში სპეცოპერაციის გამო. ფორუმს არც რუსი ბიზნესმენები დაასწრეს, რითაც დავოსმა ბევრი დაკარგა — ხმაურიანი, ხელგაშლილი რუსი ოლიგარქების სადილებისა და ვახშმების სახით, წინა წლებში რომ უხვად ჰქონდა ადგილი ფეშენებელურ რესტორნებში.

წინა წლების მსგავსად, დეფიციტი არც წელს შეინიშნებოდა — მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ მეძავთა თვალსაზრისით. თუმცა წლევანდელი „მომსახურების“ ტარიფი გაზრდილად ეჩვენათ ესკორტის სამსახურის პერმანენტულ მომხმარებელ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს — 700 ევრო ერთი საათით, 2500 — მთელი ღამით.

დავოსი, დღიდან დაარსებისა ელიტარული მსოფლიოს მოთხოვნების დაკმაყოფილებას უფრო ემსახურება, ვიდრე ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას თუ არა, შემცირებას მაინც.

მილიარდერების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაცია „Oxfam”-ის წლიური ანგარიშის მიხედვით, „თითოეული მილიარდერი არის სახელმწიფო პოლიტიკის ჩავარდნა. ეკონომიკურმა უთანასწორობამ უაღრესად სახიფათო ზღვარს მიაღწია. ყოველი 100 დოლარიდან 54,4 დოლარი წავიდა ყველაზე მდიდარი 1%-ის ჯიბეში. გაორმაგდა მილიარდერთა ქონება, გაიზარდა მილიარდერთა რაოდენობა.

2020 წლიდან 42 ტრილიონი დოლარის ახალი სიმდიდრე შეიქმნა, რომლიდან 26 ტრილიონი, ანუ 63% მოდის ერთ პროცენტ უმდიდრეს ადამიანებზე. სიმდიდრის უკიდურესი კონცენტრაცია აფერხებს ეკონომიკურ აღმავლობას, ხრწნის პოლიტიკასა და მედიას, ჭამს დემოკრატიას და აძლიერებს პოლარიზაციას.“, — ჩაწერილია ანგარიშში.

„Oxfam”, ისე, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციები — წვიმის შემდეგ სოკოებივით მომრავლებულნი, პირველ რიგში საკუთარ კეთილდღეობას აყენებენ პირველ პლანზე, ვიდრე მშიერ-მწყურვალთა დაპურებას. ცნობილი მილიარდერების გეიტსის, ცუკერბერგის, სხვების ფულით ხდება საქველმოქმედო ფონდების დაარსება, რომლებიც ჩარიცხულ თანხებს იყენებენ არა მიზნობრივად (ღარიბთა დახმარება), არამედ სხვადასხვა სახის პროექტების განსახორციელებლად — ფულის მოგების მიზნით.

„Oxfam”-ს მთელს მსოფლიოში 1200 მაღაზია აქვს გახსნილი. ერთ-ერთმა ამერიკულმა საქველმოქმედო ფონდმა ONE-მ ჩარიცხული ფულის 1,2% მოახმარა უპოვართა დახმარებას , 98,8% კი ფონდის თანამშრომელთა გამდიდრებას.

თანამედროვე კაპიტალისტურ სამყაროში უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის სულ უფრო ღრმავდება. „Oxfam”-ი და  მსგავსი ორგანიზაციები კი იმისთვისაა შექმნილი, რომ ღარიბების ბუნტი შეაკავოს.

აქვე აღვნიშნავ, დავოსის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მსუყე ფულის გადახდა. ასე რომ, ფორუმში მონაწილე ქვეყნების დელეგაციები, გარდა ოფიციალური მიწვევისა, ფულსაც იხდიან ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად.

სხვათა შორის, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მეუღლის დავოსის ფორუმში მონაწილეობის გამო. ზელენსკაია ლონდონში ცხოვრობს და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით იმყოფებოდა დავოსში, სადაც სიტყვაც წარმოთქვა. ბრიტანელები აპროტესტებდნენ დავოსში მისი ვიზიტის ხარჯებს —  „ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულია“, — აცხადებდნენ ისინი.

წლევანდელი დავოსი, რომელშის მონაწილეობა უნდა მიეღოთ მსოფლიო ქვეყნების მეთაურებს, ჩალაგამოვლებული დარჩა. გერმანიის კანცლერის შოლცის გარდა იქ არვინ იყო. როგორც ჩანს, მძიმე ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად ძვირადღირებული დავოსის ფორუმი, მათ არ ჩათვალეს ისეთად, რომელსაც ეკონომიკური შვების მოცემა შეეძლო.

ბობოლათა არყოფნამ „დუბლებში“ მყოფ დამსწრე პოლიტიკოსებს ფართოდ გაუღო კარი რუსეთის სალანძღავად. თუმცა, ქვეყნების მეთაურთა დასწრების შემთხვევაში ლანძღვის ტემპერატურა თუ მეტი არა, ნაკლები არ იქნებოდა.

განსაკუთრებული სიკაპასით ევროკავშირის ლიდერი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოირჩეოდა, რომელმაც რუსეთის ეკონომიკას სამომავლო დაქცევა უწინასწარმეტყველა და ისიც აღნიშნა, რომ ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მე-10 პაკეტს ამზადებს, რომელსაც სულ მალე იხილავს მზის სხივი, მეტადრე – ადრესატი რუსეთი.

ამ ქვეყნის გასაჩანაგებელ ეკონომიკურ სანქციებს ბოლო არ უჩანს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კოლექტიური დასავლეთი მხოლოდ სანქციების შეთხზვით არის დაკავებული და არა საკუთარი გაძვალტყავებული ეკონომიკის გამოსწორებით. ხუმრობა ხომ არ არის 10000-ზე მეტი სანქციის გამოგონება?

დავოსში არვის უთქვამს იმ რიკაშოტის შესახებ, კოლექტიურმა დასავლეთმა რომ იგემა რუსეთის ეკონომიკის დასაქცევად. აი, სწორედ ამ სანქციებმა — სხვისთვის დაწესებულმა, ამ შემთხვევაში რუსეთისთვის, გააუარესა კოლექტიური დასავლეთის მოსახლეობის სოციალური პირობები და პარიზის, ლონდონის, ბერლინის, სხვა ქალაქების ქუჩებში გამოიყვანა.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი