გერმანია ძალიან მალე გადაწყვეტს, დაუშვებს თუ არა უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტანკების მიწოდებას, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„ვამზადებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ძალიან მალე მივიღებთ“, – განაცხადა პისტორიუსმა.
მისი თქმით, თუ ტანკების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება, გერმანია შეძლებს ძალიან მალე იმოქმედოს.
ამასთან, მან უპასუხა კრიტიკას, რომ გერმანია ტანკების გაგზავნას აფერხებს და ხაზი გაუსვა, რომ გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხზე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მსჯელობს.
„არიან პარტნიორები, რომლებიც ჯერ კიდევ შეფასებას ახორციელებენ, ეს არის პროცესი“, – განმარტა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, მისი თქმით, გერმანია ხელს არ შეუშლის, თუ სხვა ქვეყნები „ლეოპარდის“ ტანკების გამოყენებაზე წვრთნებს დაიწყებენ.
„ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით წვრთნების დაწყებას, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ მანამ, სანამ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოვიქცეთ „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
შეგახსენებთ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა დღეს განაცხადა, რომ პოლონეთმა გერმანიას „ლეოპარდ 2“-ის ტანკების უყრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა.