პირდაპირი ფრენებით თუ პირდაპირი ფრენების გარეშე მტრული სახელმწიფოს მოქალაქეების დიდი რაოდენობით საქართველოში შემოსვლა, ყოველგვარი ფილტრის გარეშე, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის არის საფრთხე , – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომ არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას.
ბოკერიას განცხადებით, მოტივი რის გამოც, პუტინის რეჟიმი ლავროვის პირით აქებს ივანიშვილის რეჟიმს და ახალისებს ფრენების აღდგენით, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მტრული მოტივია.
„საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას მიესალმებიან, საქართველოს დაუცველად დატოვებას მიესალმებიან და ამის წახალისებას ახდენენ.
ნებისმიერი საკითხი, სადაც საქართველო გამოჩნდება უკრაინის ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში, დასავლეთთან დაპირისპირებაში მორალური ზიანის გარდა, ჩვენთვის პრაგმატულად საზიანოა, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, დღეს, ხვალ და უახლოეს მომავალში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში.