დანაშაულია ის პინგ-პონგი, რასაც თამაშობს კობახიძე და ლავროვი, ანუ ივანიშვილი და პუტინი თავის ხელის ბიჭებით – როცა არასაომარი მოქმედებების დროს დაგიწესა რუსეთმა სანქციები და დღეს გიხსნის, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სხვა ხდება. რა?! – გარიგება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფრენების აღდგენას პოლიტიკური ფასი აქვს და “საინტერესოა, რა პოლიტიკურ ფასს იხდის “ქართული ოცნება”. ვაშაძე აღნიშნავს, რომ თუ საქართველო რუსეთთან გარიგების თანამონაწილეა, კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს დაკარგავს, რაც მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ინტერესია.
„საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან მიმართებით დანაშაულად მიმაჩნია ეს პინგ-პონგი, რასაც თამაშობს კობახიძე და ლავროვი ერთმანეთს შორის, ანუ ივანიშვილი და პუტინი თავის ხელის ბიჭებით, ეს არის დანაშაული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რუსეთისთვის ფრენების და ნებისმიერი მსგავსი საკითხი ყოველთვის იყო პოლიტიკური იარაღი. ეს შევარდნაძის ეპოქიდან კარგად გვახსოვს, 2001 წელს როცა რუსეთმა სავიზო რეჟიმი შემოიღო საქართველოსთან, ბევრი ჩვენგანი ვიყავით სტუდენტები ან პატარა ბავშვები და შეიძლება მეხსიერება გვღალატობს და ყველაფერი აღარ გვახსოვს. ფრენების აღდგენაზე არ საუბრობს იმიტომ, რომ საქართველო შეუყვარდა, არამედ თავის მზაკვრული გეგმების რეალიზება სურს. ფრენების აღდგენას რა ფასი აქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ფასი გაცილებით მეტია ვიდრე თვითმფრინავების ფრენა და ეს ფასი ჩვენ არ უნდა გადავიხადოთ. რუსეთი შეეცდება სატყუარები დაგვიკიდოს, თითქოს პროგრესის მიღწევა შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე, წავიკითხოთ ყველა ის დეტალი რაც გავიარეთ დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე და დავინახავთ, რომ მათი მხრიდან ქმედებები ზუსტად ისეთივეა. ფრენების აღდგენას აქვს პოლიტიკური ფასი, რა პოლიტიკურ ფასს იხდის “ქართული ოცნება”?! როცა სანქციები დაგიწესა რუსეთმა, მაშინ როცა საომარი მოქმედებები არ არსებობდა და დღეს ამ სანქციებს გიხსნის, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სხვა ხდება, რა? – გარიგება და თუ ამის მონაწილეა საქართველო, ის დაკარგავს კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას, ამიტომ უნდა რუსეთს, კობახიძეს და ივანიშვილს, რომ აღადგინოს ეს ფრენები, რომ საბოლოო უარი მივიღოთ,”- განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თითქმის ყველა რუსული ავიაკომპანია სანქცირებულია.
„ისინი ზურგს უკან ერთმანეთს ელაპარაკებიან და კონკრეტული შეთანხმებები აქვთ, ლავროვი ამბობს, კობახიძე პასუხობს, კობახიძე ამბობს, გავრილოვი პასუხობს და ა.შ. ასე თამაშობენ ერთმანეთს შორის, ნუთუ ეს არ არის თვალსაჩინო? ფრენების აღდგენა – სანქციების მოხსნა არის კონკრეტული პოლიტიკური გზავნილი, ამას აქვს კონკრეტული პოლიტიკური მდგენელი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ირჩევს რუსეთთან პარტნიორობას, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირთან, უკრაინასთან და ნატოსთან პარტნიორობა აირჩიოს. ეკონომიკა არის პოლიტიკის ნაწილი, საერთაშორისო ეკონომიკა მითუმეტეს, მტერთან ურთიერთობების დალაგება არ არის შესაძლებელი, მტერთან უნდა იყო ფრთხილად და მკაფიოდ მოქმედებდე, არა ის, რომ დაუწვე და რაც უნდა ის გააკეთებინო, რასაც დღეს აკეთებს “ქართული ოცნება”. უფრო მეტს გეტყვით, თითქმის ყველა რუსული ავიაკომპანია არის სანქცირებული, როგორ წარმოგიდგენიათ სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენა საქართველოში?!”- განაცხადა ვაშაძემ.