რტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ შიგნით ძალიან კარგი პროცესები წარიმართება, რისი საბოლოო შედეგიც პარტიის დასუსტება იქნება.
მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის ხარისხის შესამცირებლად ეს აუცილებელია.
„ნაცმოძრაობის“ შიგნით ძალიან კარგი პროცესები წარიმართება. ამ პროცესების საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება „ნაცმოძრაობის“ შემდგომი დასუსტება, რაც აუცილებელია, რათა ქართულ პოლიტიკაში შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი და გაძლიერდეს ქართული დემოკრატია. აქედან გამომდონარე, ყველა შემთხვევაში, კარგი შედეგით დასრულდება ის გახლეჩის პროცესი, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეობს. კარგი შედეგით ჩვენი ქვეყნისა და ქართული დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ კომენტარი გააკეთა ლევან ბეჟაშვილის განცხადების შესახებაც, სადაც ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ „რამდენიმე არჩევნების დროს ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდნენ, მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის“.
ირაკლი კობახიძის თქმით, კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში, რითაც აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.
„მანქანის საკითხს რაც შეეხება, თავისთავად ეს არის სკანდალური თემა იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის არალეგალური დაფინანსება, რომლითაც ალბათ უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი როდესაც ჩუქნის ავტომობილს, რა თქმა უნდა, ეს არალეგალური პარტიული დაფინანსებაა, რაც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, საკმაოდ მკაცრად ისჯება. ვნახოთ, ამასთან დაკავშირებით რა პოზიცია ექნება აუდიტის სამსახურს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.