ფინეთი არ გამორიცხავს, რომ ნატო-ში შესვლა შვედეთისგან დამოუკიდებლად მოხდეს, რადგან სტოკჰოლმსა და ანკარას შორის დაძაბულობა სულ უფრო ღრმავდება. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ განაცხადა.
ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტია, ფინეთი და შვედეთი ერთად შეუერთდნენ ალიანსს, თუმცა თუ შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაცია დიდი ხნით გადაიდება, ფინეთი დამოუკიდებლად მოქმედების სცენარს განიხილავს.
პეკა ჰაავისტოს ინფორმაციით, ფინეთი, შვედეთი და თურქეთი ცდილობენ, გაზაფხულის დასაწყისში მოაწყონ ახალი სამმხრივი შეხვედრა, სადაც ვითარება შეფასდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირებში შვედეთში ანტითურქული საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის შვედეთი თურქეთის მხარდაჭერას არ უნდა მოელოდეს.