ავსტრიის ანტიიმიგრაციული პოლიტიკით გამორჩეული თავისუფლების პარტია დღესდღეობით ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პარტიად ითვლება.
ავსტრიის მემარჯვენე თავისუფლების პარტია, რომელიც ცნობილია თავისი მკაცრი პოზიციით იმიგრაციასთან მიმართებით და ასევე, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულებით, ამჟამად კიდევ ერთხელ შვიდი წლის შემდეგ ავსტრიაში ნომერ პირველ პარტიად ითვლება.
ავსტრიის ადგილობრივი გამოცემის ცნობით, კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ყოველთვიური გამოკითხვის თანახმად, პარტია ხმების 28 პროცენტს მიიღებს.
პარალელურად, სოციალ-დემოკრატების პარტიამ 2 პროცენტული ქულა დაკარგა და შესაბამისად, მათ მხარდამჭერთა ხმების რაოდენობა 24 პროცენტამდე დაეცა.
დღეის მდგომარეობით თავისუფლების პარტია, რომელსაც ჰერბერტ კიკლი ხელმძღვანელობს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ოთხი ქულით უსწრებს. უნდა ითქვას, რომ კიკლმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა, პოტენციურ ამომრჩეველთა 17 პროცენტი აცხადებს, რომ ისინი ხმას სწორედ მას მისცემენ, მაშინ როცა, დეკემბერში მის მხარდამჭერთა რაოდენობა 15 პროცენტს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიაში 2022 წელს თავშესაფრის მაძიებელთა მიერ წარდგენილი განაცხადების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ფაქტიურად, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რაოდენობა 2021 წლის შემდეგ გასამმაგდა და თითქმის 60000 გახდა. ამ ინფორმაციამ ავსტრია სასტიკად აღაშფოთა და მასობრივი მიგრაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მოსახლეობის მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. თავისუფლების პარტიამ, ყველაზე მეტად, ვიდრე ქვეყნის სხვა რომელიმე მთავარმა პარტიამ, იმიგრაციის შეზღუდვის საკითხი პლატფორმის მთავარ პრობლემად დაისახა.
ამავდროულად, თავისუფლების პარტია ერთადერთი მთავარი პარტიაა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს და ავსტრიისა და ევროპის ეკონომიკაში წარმოქმნილი ინფლაციისა და ეკონომიკური არეულობის შექმნის მიზეზად სწორედ ამ სანქციებს ასახელებს. აღნიშნულ პოზიციას ბევრი ავსტრიელი ეთანხმება.
„უკვე დადგა დრო, ევროკავშირის წინაშე წარვდგეთ და ხმამაღლა ვთქვათ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რომ: ამ სანქციებს ჩვენთვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე პუტინისთვის“ – განაცხადა თავისუფლების პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ გასულ წელს გამართულ ეროვნული საბჭოს პლენარულ სხდომაზე.
წყარო: 1tv.ge