სახელმწიფოზე თავდასხმა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვიღაცის ძალით გამოხსნა არის შუა საუკუნეების განცხადება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატ ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან.
თალაკვაძის შეფასებით, სააკაშვილთან მიმართებაში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებები არის ფარისევლობა და პოპულიზმი, რადგან მათ შიდაპარტიულ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიმხრობა სჭირდებათ.
„ნამდვილად არ გვჯერა სააკაშვილთან მიმართებაში არც მელიას, არც ხაბეიშვილის განცხადებების. ეს არის უბრალოდ ფარისევლობა, პოპულიზმი, რაც მათ შიდა არჩევნებში სჭირდებათ, რომ მოიმხრონ ის მხარდამჭერები, რომლებიც ჯერ კიდევ უჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ, ეს განცხადებაც ერთი მხრივ, იყო პოლიტიკური პოპულიზმი, მეორე მხრივ ანარქისტული განცხადება, რადგან თავდასხმა სახელმწიფოზე და ვიღაცის ძალით გამოხსნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ეს არის შუა საუკუნეების განცხადება და კანონის უზენაესობასთან და დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო. შესაბამისად, სერიოზულად ამ განცხადებას არც განვიხილავ“, – განაცხადა თალაკვაძემ.