ოლაფ შოლცი – ტანკების გარდა, ვაფართოვებთ უკვე გაწეული დახმარების ჩამონათვალს

გერმანია უყრაინაში სამხედრო დახმარების მასშტაბებს გააფართოებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ისლანდიის პრემიერ-მინისტრთან კატრინ იაკობსდოტირთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება არის სწორი გზა, რომელიც მიღებულია პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. ტანკების გარდა, ვაფართოებთ უკვე გაწეული დახმარების ჩამონათვალს, კერძოდ, საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მძიმე არტილერიაზე, MLRS-ზე და ა.შ.“, – აღნიშნა შოლცმა.

მას არ დაუსახელებია უყრაინის „სატანკო პაკეტის” თანხის ოდენობა, მაგრამ თქვა, რომ გერმანია დაფარავს ხარჯებს.

ისლანდიის პრემიერი იაკობსდოტირი მიესალმა ბერლინის გადაწყვეტილებას, რომელიც პარტნიორების სოლიდარობის და ალიანსის სიძლიერის კიდევ ერთი დადასტურებაა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მტკიცედ დგას უყრაინის მხარეს.

მისი თქმით, ისლანდიას არ აქვს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია მისი დაარსების დღიდან, მაგრამ კუნძულოვანი სახელმწიფო უყრაინას ყველა შესაძლო დახმარებას უწევს: იღებს უყრაინელ ლტოლვილებს, უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ასევე უკრაინას გადასცა 9 ტონა თბილი ტანსაცმელი.