ავსტრია ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას და დეპორტაციის პროცედურის გამარტივებას ითხოვს.
გასულ წელს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რეკორდული რაოდენობის დაფიქსირების შემდეგ ავსტრია ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას და დეპორტაციის წესების გამარტივებას ითხოვს.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ერჰარდ კარნერმა თავის ბოლო განცხადებაში თქვა, რომ ევროკავშირის დონეზე არალეგალი იმიგრანტების გაძევება თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურის გარეშეც კი დაშვებულ უნდა იქნას.
კარნერის განცხადებით, მონაცემები ცხადყოფს, რომ ევროკავშირს თავშესაფრის მოთხოვნით სულ უფრო მეტი და მეტი ტუნისელი და ინდოელი მიმართავს. მან თქვა, რომ ამ მოქალაქეებს თავშესაფრით დაკმაყოფილების პრაქტიკულად არანაირი შანსი არ აქვთ, თუმცა, ისინი უფლებამოსილნი არიან, რომ აღნიშნული პროცედურა მაინც გაიარონ.
თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა განსაკუთრებულად უკანასკნელ თვეებში გაიზარდა. 2022 წელს ავსტრიაში თავშესაფრით დაკმაყოფილების მოთხოვნით თითქმის 60000 განაცხადი შევიდა, რაც 2021 წელთან შედარებით გასამმაგებული მაჩვენებელია. თუმცა, ქვეყნის მიგრანტებით ასეთ დატვირთვას ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი ემატება, რომელთაც თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადის წარდგენა არ მოეთხოვებათ. ქვეყნის ბევრი დაბა და ქალაქი აცხადებს, რომ მათ მიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის რესურსი ამოეწურათ.
ქვეყანაში კვლავ მაღალი ანტიიმიგრაციული განწყობაა და ამჟამად ქვეყნის თავისუფლების პარტია, რომელიც ანტიიმიგრაციული პოლიტიკით გამოირჩევა, ავსტრიის ყველაზე პოპულარული პარტიაა, რომლის მხარდამჭერთა რაოდენობა, გამოკითხვის თანახმად, 28%-ს შეადგენს.
ქვეყნის ამჟამინდელი ქრისტიან-დემოკრატებისა და მწვანეებისგან შემდგარი კოალიციური მთავრობა მზარდი ზეწოლის ქვეშაა, რომლისგანაც მოსახლეობა მიგრაციული კრიზისის მოგვარებას ითხოვს. შინაგან საქმეთა მინისტრი ევროკავშირს სთხოვს, რომ ქვეყნებს იმ მიგრანტების დეპორტაციის უფლება მისცეს, რომლებიც ნამდვილად არალეგალები არიან. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით უნგრული საინფორმაციო გამოცემა ავრცელებს.
მთლიანობაში ევროკავშირში 2022 წელს თავშესაფრის მაძიებელთა 923000 განაცხადი შევიდა; თუმცა, ეს პროცედურა ომის შედეგად ლტოლვილ უკრაინელ მოსახლეობაზე, რომლებიც ევროკავშირის წესების თანახმად, დევნილებად ითვლებიან, არ ვრცელდება.
ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის უკანასკნელი მონაცემების თანახმად, 2022 წელს ევროკავშირში შეღწევის მიზნით, საზღვრის უკანონო გადაკვეთის 330000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2016 წლის მიგრაციული კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს და ამასთანავე, წინა წელთან შედარებით 64%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ არალეგალი მიგრანტების 80%-ზე მეტს ზრდასრული მამაკაცები წარმოადგენენ.
წყარო: newposts.ge