პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას და არაფრის ფასად არ უღირს პოლიტიკაში დაბრუნება.
ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს რამდენიმე უცხოური მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ CS Victims-ის სტატიაზე, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივ დავაში არსებულ პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილს არაფორმალური სანქციები დაუწესეს.
„ბიძინა ივანიშვილის მიმართ მოთხოვნა იყო, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური კურსი შეცვალოს. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილს არაფორმალური სანქციები დაუწესეს, მაგრამ მან მკაფიოდ განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას და არაფრის ფასად არ უღირს პოლიტიკაში დაბრუნება, მათ შორის იმ მიზნით, რომ საქართველო მეორე ფრონტის ნაწილი გახდეს.
საქმე გვაქვს არაფორმალურ პოლიტიკურ პროცესთან, რადგან რეზოლუციას ფორმალურად არანაირი ფასი არ აქვს. საქართველოს გარშემო ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, რისთვისაც აღქმას აქვს მნიშვნელობა და არა – ფაქტობრივ მოცემულობას. სამწუხაროდ, დღეს უფრო პოპულარულია ფარატინა ფურცელი, აღქმები და კულუარებში ქმედება, ვიდრე ღია და საჯარო პოლიტიკა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.