კოკა კაციტაძე – იმედი გვაქვს, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე საბოლოო ჯამში დაგვთანხმდება ნიმუშების აღებაზე და კითხვებს პასუხი გაეცემა

გამოძიება არის ღია და გამჭვირვალე, არათუ ადვოკატებს, არამედ მათ მიერ მოწვეულ ექსპერტებსა და ექიმებსაც კი მივეცით საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, მათი მოთხოვნით ჩვენ არაერთი ექსპერტიზაც გვაქვს დანიშნული, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძოებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

კითხვაზე, რა ეტაპზეა ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის საქმის შესწავლა, კოკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ ადვოკატების მიერ შესაბამისი განცხადების გაჟღერებისთანავე, დაიწყო საკითხის შესწავლა და დაინიშნა ექსპერტიზები, რომელში მონაწილეობაზეც სააკაშვილის დაცვის მხარემ უარი განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ როგორცკი საჯაროდ გაკეთდა განცხადება ბატონი სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით, ეს იყო მისი ადვოკატების პოზიცია, ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა და ჩავატარეთ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. პირველი, რაც გავაკეთეთ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დავნიშნეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა შეისწავლოს საკითხი, მოხდა თუ არა მისი მოწამვლა და არის თუ არა მძიმე მეტალები მის ორგანიზმში, საკითხები, რომლებსაც აყენებენ მისი ადვოკატები. ჩვენ მათ შევთავაზეთ ნიმუშების აღება, რაზედაც ისინი არ დაგვეთანხმნენ. თავდაპირველად მათი პოზიცია იყო, რომ დათანხმდებოდნენ, თუკი ეს ექსპერტიზა ჩატარდებოდა ფრჩხილისა და თმის ნიმუშის საფუძველზე. გავიარეთ შესაბამისი კონსულტაციები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან, დავრწმუნდით, რომ ასეთი ექსპერტიზა ფრჩხილსა და თმაზე ტარდება. შევთავაზეთ ნიმუშების აღება, მაგრამ კვლავ უარი მივიღეთ. თუმცა, იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში ისინი დაგვთანხმდებიან, მოხდება ნიმუშების აღება და ამ კითხვებს გაეცემა პასუხი. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი გზა ამ საკითხების შესასწავლად. ჩვენ სხვა საკითხებითაც დავინტერესდით, მათ შორის მათ მიერ წარმოდგენილი საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევითაც, მათ შორის ლიმბახის ლაბორატორიაში, ანუ გერმანულ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის თავად ბატონ სააკაშვილსაც შევთავაზეთ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება და მისი ადვოკატისგან მოვისმინეთ პასუხი, რომ მათ სურთ ჯერ ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან კონსულტაციის გავლა“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიება ღია და გამჭვირვალეა.

„რაც ყველაზე მთავარია, გამოძიება არის აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე, თითოეულ ადვოკატს აქვს საშუალება, მოვიდეს და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას. არათუ ადვოკატებს, არამედ მათ მიერ მოწვეულ ექსპერტებსა და ექიმებსაც კი მივეცით ამის საშუალება. არათუ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა აქვთ, არამედ მათი მოთხოვნით ჩვენ არაერთი ექსპერტიზა გვაქვს დანიშნული. აქ დასამალი არაფერია. გამოძიება მიმდინარეობს ღიად და გამჭვირვალედ. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ყუველა იმ შეკითხვას, რომლებიც მათი მხრიდან არის გაჟღერებული, ამომწურავი პასუხი გაეცეს“, – აღნიშნა კოკა კაციტაძემ.