საქართველოს მთავრობა, რომელიც პატივს გვდებს ჩვენ ყველას და, პირველ რიგში, მისგან “შეშინებულ” რუსეთს “მეორე ფრონტს” არ უხსნის, სხვა მხრივ ყველაფერში დასავლეთს არის აყოლილი. ანტირუსული ისტერია ყველა დონეზე გრძელდება.
კუმ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირს ავეკიდებიო – ამ კუს როლში გამოდის ვინმე ლევან მეხუზლა, რომელიც სსიპ “ღვინის ეროვნული სააგენტოს” ხელმძღვანელი ყოფილა და გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე მოღვაწეობს. ამ უცნაური გურული გვარის კაცს კიდევ უფრო უცნაური იდეები ჰქონია.
მეხუზლა ძალიან შეუწუხებია უყრაინის წარუმატებლობებს და ამ ქვეყნის ბაზრის ფაქტობრივ ჩამოშლას. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მეღვინეები თავს რუსეთის ბაზარზეც კარგად გრძნობენ. აი რას ამბობს თავად მეხუზლა:
„იმედი მაქვს, რომ ექსპორტის ზრდა გაგრძელდება და შენარჩუნდება 10%-ის ფარგლებში. ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ ის მოკლევადიანი ეფექტი, რაც არის გამოწვეული უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით და შედეგად მივიღეთ, რომ 2022 წელს მეტი ექსპორტი რუსეთის მიმართულებით განხორციელდა, ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კვლავ დავუბრუნდებით იმ ტენდენციას, რომელიც ომამდე იყო. ომამდე ყოველწლიურად კლებულობდა რუსეთის წილი ჩვენს ექსპორტში.
ვფიქრობ, სასურველია ამ კონკრეტული ქვეყნის წილი 40%-ს ჩასცდეს. ეს არის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მიზანი“.
დიადი მიზანი დაუსახავს მეხუზლას, ნამდვილად “ეროვნული კაცია”. ძალიან ბევრს ფიქრობს ეს “ეროვნული”, რომ რუსეთის წილი ქართული ღვინის მოხმარებაში 40%-ს ჩამოსცდეს, ნაცვლად იმისა, მევენახეებისა და მდიდარ “პლანტატორებთან” სეზონურ ჯამაგირზე მომუშავე გლეხების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე იფიქროს, რაც მხოლოდ რუსეთის ბაზრის უფრო სიღრმისეული ათვისებით არის შესაძლებელი!
რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ რუსეთის გარდა ღვინო არსად უნდა გავიტანოთო, მაგრამ გავიდა სამი ათეული წელი საბჭოთა კავშირის დაშლიდან და დღემდე არავის უნდა ქართული ღვინო დიდი მასშტაბებით, რუსეთს გარდა! ეს არის რეალობა და ამას მეხუზლა ვერ უშველის, უფრო სწორად, საშველიც არაფერია!
ჩვენ დავინტერესდით, საერთოდ რას წარმოადგენს ეს ე. წ. “ღვინის ეროვნული სააგენტო”, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, “სსიპ” სტატუსით ფუნქციონირებს ანუ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია. დავინტერესდით ამ სააგენტოს ვებ-გვერდის დონეზე, ვინაიდან შესასწავლი ბევრი არაფერია – მეხუზლას იდეების გადამკიდე, ისედაც გასაგებია, რომ საქმე მორიგ უსაქმურებთან და მუქთამჭამელებთან გვაქვს.
მაგრამ ამ მუქთამჭამელობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი! არა, მუქთამჭამელობა და კრეტინიზმი განუყრელი ძმები არიან ქართულ რეალობაში. თავად განსაზღვრეთ: მეხუზლას საიტი ორენოვანია – ქართულ-ინგლისური, ნაცვლად იმისა, რომ დიდი ასოებით იყოს რუსული ტექსტები ანუ იმ ქვეყნის ენაზე, რომელშიც ქართული ღვინის 63 პროცენტი (რეალურად კი, ბევრად მეტი!) შედის და საღდება. არადა, სააგენტოს ფუნქციებში უწერია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციას უნდა შეუწყოს ხელი… როგორც ჩანს, რუსეთში ქართულ ღვინოს ნამდვილად არ სჭირდება პოპულარიზაცია და მეხუზლას სააგენტო ჭინთვა-კრუნჩხვებით ცდილობს, ქართული ღვინის დიდ მოამაგედ “პრიბალტიკის” ქვეყნები და “პოლშა” წარმოაჩინოს.
მეხუზლას საიტი “საინტერესო ბმულებს” შორის ჩამოთვლის:
- ქართული ღვინო ბალტიისპირეთის ქვეყნებში
- ქართული ღვინო ჩინეთში
- ქართული ღვინო დიდ ბრიტანეთში
- Poznaj Smaki Gruzji
ეს ჩამონათვალი არის “კოლექტიური მეხუზლების” ანუ ჩვენი მთავრობის სახე – მეტიჩრობა და მატრაკვეცობა. უცხო ენებზე ეს რთულად სათარგმნი სიტყვები ყველაზე უკეთ ახასიათებს ამ მთავრობის პოლიტიკას.
მეხუზლას კი რეკომენდაციას ვაძლევთ, ვინაიდან ეს კაცი ასე ზრუნავს ქვეყნის “ევროატლანტიკურ კურსზე” და “რუსულ გავლენებს” ეწინააღმდეგება 40 პროცენტის ფარგლებში, დააწინაურეთ და უშიშროების სამსახურში გადაიყვანეთ!
იშხან მეხურმიშვილი