სამოხელეო დანაშაულების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა მოაწერეს.
მათივე ცნობით, მემორანდუმი სამოხელეო დანაშაულების, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ძალადობრივი და არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებას ითვალისწინებს.
„ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის – „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ მიმართა. მემორანდუმის ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით, ცალკეული სამოხელეო დანაშაულების პრევენციის სპეციალური საბჭო შეიქმნება, რომლის პირობებშიც, ცალკეული სამოხელეო დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების პროცესში წამოჭრილი გამოწვევების იდენტიფიცირება, პრევენციის მექანიზმების შემუშავება, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და შეთანხმებული რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვა მოხდება. ეს იქნება ძლიერი პლატფორმა, რომ არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთიანი პოლიტიკით, ნაყოფიერი თანამშრომლობის გზით განხორციელდეს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებისთანავე მის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფასთან ერთად, სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის პრევენცია აირჩია, რომლის განხორციელებაც გაფორმებული მემორანდუმის და მის ფარგლებში შექმნილი საბჭოს მეშვეობით მოხდება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პრევენციის საბჭოს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შედეგად მოპოვებულ სტატისტიკურ და ანალიტიკურ ინფორმაციას მიაწვდის, ასევე გამოძიებით იდენტიფიცირებული ხარვეზების და ტენდენციების შესახებ ისაუბრებს. აღნიშნული სამართალდამცავ უწყებებს მისცემს შესაძლებლობას, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარ იყვნენ ინფორმირებული და დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ზომები გაატარონ.
დანაშაულის პრევენციასთან ერთად, საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არასათანადო მოპყრობის ფაქტების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ხელშეწყობაც იქნება. უწყებების კოორდინირებული მუშაობის გზით, საბჭოს ექნება შესაძლებლობა გაამარტივოს და გადაწყვიტოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დროებით მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებელი შესვლის უზრუნველყოფა, შექმნას შეტყობინებების გაგზავნის მოქნილი სისტემა, შეამციროს სხვა უწყებებიდან მტკიცებულებითი შინაარსის მატარებელი ინფორმაციის გადმოცემის ვადები და ასე შემდეგ.
პრევენციის სპეციალური საბჭო, საჭიროებისამებრ, წელიწადში არანაკლებ ერთხელ შეიკრიბება. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.