საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში ტოტალური მოსმენები იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ კობა ნაყოფიას განცხადებას არ ეთანხმება.
„ტოტალური მოსმენა იყო მთელს ქვეყანაში. საერთოდ რაზე ლაპარაკობს ნაყოფია, ხალხი კარადებში და მაცივრებში მალავდა ტელეფონებს, რადგან მათი ტელეფონები ისმინებოდა, ეს ერთი მოცემულობა. მეორე – როგორც კი დასჭირდებოდა სისტემას, რომ ვინმეს კომპრომეტირება მოეხდინა, ან მის მიმართ ტალღა აეგორებინა, ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, იმ წუთას ქვეყნდებოდა გარკვეული ჩანაწერები. კასრებზე და კასრებში აღმოჩენილ ჩანაწერებზე, მის შინაარსზე და ამაზრზენობაზე და უღირსობაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არ არის. იმდენად უღირსი იყო ეს ყველაფერი, რომ სახელმწიფომ ეს ყველაფერი გადაწყვიტა, რომ გაენადგურებინა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იყო, ვერავინ გაიხსენებს ფარული ჩანაწერების გავრცელების ვერცერთ ფაქტს.