მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში დომინანტი პარტია, რომელიც ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ნორმალურ წამოწყებას შთანთქავდა, აღარ იქნება.
მისივე თქმით, პარტია რამდენიმე ნაწილად გაიყოფა, რაც ოპოზიციისთვის კარგია.
ამასთან, როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ვერც ლევან ხაბეიშვილის და ვერც ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ განვითარების შესაძლებლობა ვერ ექნება.
„„ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგის ლიდერი აღიარებს, რომ ეს ე.წ. პოლიტიკური ძალა წაგებულ ომშია შესული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობა“, პრაქტიკულად, დაშლილია, თუმცა რამდენ მიმართულებად დაიშლება, ვინ გაიმარჯვებს, შემდეგ გამარჯვებული რას გააკეთებს ან დამარცხებული კანდიდატი ცალკე პარტიას შექმნის თუ არა, ეს დეტალები შინაარსობრივად დიდი ინტერესის მქონე არ არის. მოხდება ის, რასაც ვამბობდით – ქართულ ოპოზიციურ სპექტრში დომინანტი პარტია, რომელიც ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ნორმალურ წამოწყებას შთანთქავდა, აღარ იქნება. ამის დასაწყისი 28-30 იანვარი იქნება. არჩევნები ვინც არ უნდა მოიგოს, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“, მინიმუმ, რამდენიმე ნაწილად გაყოფა, რაც ოპოზიციისთვის კარგია. თუ ხაბეიშვილი მოიგებს, ყველამ იცის, რომ მის უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილი დგანან. ეს ორი ადამიანი კი ძალიან ბევრისთვის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისთვისაც, მიუღებელია. თუ მელია გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ, როგორც ხაბეიშვილის მომხრეები თავად აღიარებენ, ეს არ იქნება მიშას პარტია, რომელიც იყო თავის დროზე და დიდი განხეთქილება მოხდება. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, როგორც ჩანს, დიდი შანსი არ აქვთ. ვერც ხაბეიშვილის და ვერც მელიას გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ განვითარების შესაძლებლობა ვერ ექნება. უბრალოდ, ბრძოლა მიდის იმაზე, ვინ გამოიყენებს „5“ ნომერს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.