მამაკაცი, რომელიც თეირანში აზერბაიჯანის საელჩოში შეჭრის ფაქტზე დააკავეს, აცხადებს, რომ პირადი მოტივებით ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ფრანგული RFI იტყობინება.
თეირანის პოლიციის უფროსის, გენერალ ჰოსეინ რაჰიმის განცხადებით, დაკავებული აზერბაიჯანელ ქალზე იყო დაქორწინებული.
„ბრალდებული აცხადებს, რომ უკვე 9 თვეა მისი ცოლი საელჩოშია დაკავებული“, – განაცხადა პოლიციის უფროსმა.
ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ნასერ კანანიმ თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ დამნაშავეს „პირადი მოტივები“ ამოძრავებდა.
დღეს დილით თეირანში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმის მოგერიების დროს საელჩოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი დაიღუპა, კიდევ 1 ადამიანი კი დაშავდა.