მაია ნიკოლეიშვილი „ემპათიაზე“: ვნახეთ პროპაგანდისტული პიარკამპანია, რომელმაც მოიცვა ექსპერტიზა, რაც დაუშვებელია

თავისი მოცულობით გაგვაკვირვა საოცრად, მთავარის და მეორეხარისხოვანის გარჩევის უნარი თუ გაქვს, 2000-გვერდიან დასკვნას არ დაწერ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა პროპაგანდისტული პიარკამპანია, რომელმაც მოიცვა „ემპათიას“ ექსპერტიზა.

„ჯიშკარიანის დაკითხვას რომ ვუსმინე, ეს საერთოდ აპოგეა იყო ყველაფრის. ადამიანი, რომელიც არ ცნობს ქართულ კანონმდებლობას, სასამართლო ექსპერტიზას ატარებს და სიმძიმის ხარისხის განსაზღვრის წესები მას არ მოსწონს და არ ცნობს ამას, ეს ნონსენსია, აბსოლუტური შეუსაბამობაა. ფაქტობრივად, ვნახეთ პროპაგანდისტული პიარკამპანია, რომელმაც მოიცვა ექსპერტიზა, რაც დაუშვებელია. მართალია, იგივეს ჩვენ ვხედავდით შაქარაშვილის შემთხვევაში და ბაჩალეიშვილის საქმის შემთხვევაში, მაგრამ ეს დაუშვებელია და ამას ბოლო უნდა მოეღოს“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

იუსტიციის სამინისტრომ 2023 წლის 26 იანვარს ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან მიიღო დასკვნა, რაც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა არ არის სანდო და უტყუარი. ურთიერთსაწინააღმდეგო ორი დასკვნა სასამართლოს წარედგინება, სადაც სასჯელის გადავადების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.