,,ნიშნობა გვქონდა და იმ დღეს წაიყვანეს აგვისტოს ომში…” – საგარეჯოში მოკლული პოლიციელის ცოლმა პირველად ისაუბრა მეუღლეზე

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული პოლიციელის, ცოლი მეუღლესთან გატარებულ დროს იხსენებს. ამის შესახებ მან “დილა მშვიდობისა საქართველოსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

“ქორწილი 2008 წლის 6 აგვისტოს გვქონდა. ნიშნობის დღეს წაიყვანეს ომში. ძალიან დიდი ისტორიები გადაგვხდა თავს. ყველაზე ბოლოს ეს ჩამოვიდა ომიდან. ხომ იცი რა ვაჟკაცი ქალიც ხარო, ასე მეუბნებოდა ხოლმე. არანორმალური სიყვარული გვქონდა. გვქონდას რომ ვამბობ ძალიან გული მტკივა, მაგრამ რას ვიზამთ, ასე გამოდის… 14 წელი ვიცხოვრეთ სულ ერთად”,- ამბობს პოლიციელის მეუღლე.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.