„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს თხოვნით, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილი და „გამოიყენოს ბერკეტი, რომელიც აქვს“.
როგორც ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველწუთიერად მძიმდება და დრო აღარ იცდის.
„მოვისმინეთ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადება და ყველამ გავიგეთ, როგორ უკიდურესად დამძიმდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დრო აღარ იცდის – ყოველ წუთსა და წამს მისი სიცოცხლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მივმართავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ათიათასობით მოქალაქის სახელით, რომელთაც პირადად შევხვდი და რომელთა მოთხოვნაც პირადად მოვისმინე. პრეზიდენტთან შევიტანეთ ათიათასობით მოქალაქის და ემიგრანტების წერილი. პრეზიდენტს მივმართავ ემიგრანტების, ათასობით ჩვენი ჯარისკაცის სახელით. ვართ ძალიან აღელვებულები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველწუთიერად მძიმდება. დღეს სხვა არაფრის დრო არ არის – უნდა გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. მოგმართავთ, ქალბატონო სალომე – ნუ მოკლავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ნუ დაამახინჯებთ კიდევ ერთხელ საქართველოს ისტორიას, სამუდამოდ ნუ დაგვიკარგავთ ევროპულ პერსპექტივას, გადაარჩინეთ მიხეილ სააკაშვილი და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიღების ბერკეტიც გაქვთ. მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი. სხვა შემთხვევაში, თავად კლინიკა „ვივამედის“ ექიმებიც აღიარებენ, რომ შეიძლება, ეს ყველაფერი დიდი უბედურებით დასრულდეს. გთხოვთ ასიათასობით მოქალაქის სახელით – გადაარჩინეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.