ბებია, რომლის მკვლელობაც შვილიშვილმა კილერს შეუკვეთა, თჰსუ-ს რექტორი და მოსკოვის ერთ-ერთი უნივერსიტეტის წარმომადგენელია თბილისში

26 წლის ლევან საყვარელიძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია ბებიის შეკვეთილი მკვლელობის მომზადებისთვის დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, შვილიშვილი კილერს (დაქირავებული მკვლელი) ბებიის მკვლელობის სისრულეში მოყვანის სანაცვლოდ 150 000 აშშ დოლარის გადახდას შეჰპირდა და წინასწარ გარკვეული თანხის ნაწილიც გადაიხადა. ხოლო დარჩენილ თანხას მკვლელობის შემდეგ გადაუხდიდა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 26 წლის ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ბებია, რომლის მკვლელობასაც შვილიშვილი გეგმავდა 2010  წლიდან დღემდე შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ვალენტინა საყვარელიძეა. რომელიც აღნიშნულ უნივერსიტეტში 66%-იან წილს ფლობს. ხოლო დანარჩენი 34%-ის მფლობელი  ვალერიან მუხიგულაშვილია.

ბრალდებულის ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ გვითხრა: “ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხს ვერ გაგცემთ – პოზიცია არის დუმილის უფლება.”

ასევე, 2021 წლიდან ვალენტინა საყვარელიძე  ხელმძღვანელობს მოსკოვის ეკონომიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მესი) წარმომადგენლობას საქართველოში. რომელიც თბილისში მდებარეობს.

რა მოტივი ამოძრავებდა 26 წლის ლევან საყვარელიძეს და რატომ იმეტებდა სასიკვდილოდ 72 წლის ბებიას, ჯერჯერობით უცნობია და სავარაუდოდ სასამართლოში გაირკვევა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის – 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი.
ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე, ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ა.ს. დააკავა.

ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით.”