დანიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვლადიმერ ზელენსკისთან უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხზე ისაუბრა

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აცხადებს, რომ ვლადიმერ ზელენსკისთან უყრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხზე ისაუბრა, თუმცა დანიის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა მისი ქვეყანა მზად, განიხილოს უყრაინისთვის ტანკების მიწოდება.

ამის შესახებ მეტე ფრედერიქსენმა ვლადიმერ ზელენსკისთან ოდესაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ომის დაწყებიდან ჩვენ აღვნიშნავდით, რომ უკრაინას მხარს დავუჭერდით ისე, როგორც ეს იქნებოდა აუცილებელი. ვფიქრობ, ჩვენ მრავალი გზით დავამტკიცეთ, რომ უკრაინის ნამდვილი მეგობრები ვართ. რა თქმა უნდა, ახლა საუბარი შეეხო ტანკებსაც. ჩვენ ახლახან გადავეცით ჩვენი საარტილერიო სისტემები, თუმცა ტანკები ასევე საჭიროა“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა ოდესაში ბრიფინგზე.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დანიას მზადყოფნისთვისშეურთდეს სატანკო კოალიციას.

დანიას გერმანული წარმოების „ლეოპარდ 2“-ის 44 ტანკი აქვს. მათი ნაწილი ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს ძალებთან არის განთავსებული. გასულ კვირას დანიის თავდაცვის მინისტრმა უყრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე საუბრისას განაცხადა, რომ დანია ჯერ არ არის მზად, დაეხმაროს უყრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკებით.