„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი ლევან ხაბეიშვილს თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ბოტკოველი მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილთან ერთად წარმოდგენილი გუნდი მნიშვნელოვნად უპასუხებს გამოწვევებს.
„ვულოცავ ლევანს გამარჯვებას. ვფიქრობ, ეს იყო საჭირო გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებისთვის, თუმცა საზეიმო ან განსაკუთრებულ გამარჯვებაზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, რუსული ოლიგარქის მმართველობაა ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილი არის პატიმრობაში. ლევანმა რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა თავისი კონკრეტული ხედვა ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც სჭირდება როგორც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, ასევე პარტიის გაძლიერებას – პარტია გახდეს ბრძოლისუნარიანი და მოტივირებული. ვფიქრობ, ამ გამოწვევებს მნიშვნელოვნად უპასუხებს ის გუნდი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ლევან ხაბეიშვილთან ერთად“, – განაცხადა გირგი ბოტკოველმა.
ამასთან, ბოტკოველი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარტიამ უკან გადადგა ნაბიჯი, ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვეს პოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეალებზე.
„წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაშიც მაქსიმალურად ვცდილობდი, გვარებით და სახელებით ნაკლებად მესაუბრა და ახლაც გვარ-სახელით არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემს თანაგუნდელებთან, თუნდაც ვინც საარჩევნო კამპანიის პერიოდში ნიკა მელიას მხარდამჭერ პოზიციას წარმოადგენდა, დასაპირისპირებელი არ მაქვს. სამწუხაროა, თუ ვინმე გადაწყვეტს, ჩასაფრებულის პოზიციიდან იყოს წარმოდგენილი და არა – პოზიციიდან, რომელიც სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას, რათა ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმისგან გათავისუფლდეს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ჟურნალისტებმა გიორგი ბოტკოველს კითხვა დაუსვეს პრემიერის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებითაც, რა დროსაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პოლარიზაციის დასრულება ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია და ხელისუფლება მათთან დიალოგისთვის მზად არის.
გიორგი ბოტკოველის თქმით, ღარიბაშვილის მხრიდან დიალოგზე საუბარი სამარცხვინოა.
„ცოტა სასაცილო და სამარცხვინოა, როდესაც ღარიბაშვილი რამე დიალოგზე საუბრობს ოპოზიციასთან და რამე კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმაზე საუბრობს. მისთვის თანამშრომლობა ცოტა უცხო სიტყვაა. მისი მხრიდან ოპოზიციასთან თანამშრომლობა უფრო უცხო სიტყვაა. მისთვის მნიშვნელოვანია დავალების შესრულება და ყოველთვის ამაზეა დამოკიდებული. ღარიბაშვილი რომ რეალურად არ წარმოადენს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ეს კარგად ვიცით. მისი ნებისმიერი ქმედება მორგებულია ბიძინა ივანიშვილის ნებაზე“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.