იაგო ხვიჩია: გაუგებარია სააკაშვილს რაში აწყობს, რომ პარტია „დაახიეს“ – უფრო მეტ სკანდალებს ველოდები

 თუ ნაცმოძრაობასა და “ოცნებას” შორის არ მომხდარა შეთანხმება, მაშინ გაუგებარია სააკაშვილს რაში აწყობს, რომ პარტია „დაახიეს“ – უფრო მეტ სკანდალებს ველოდები – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ვთქვათ, ხარ “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, რომელსაც უნდა, რომ ნაცმოძრაობის არჩევნებში ჩაერიოს. თუ „გირჩმა“ მოახერხა ეს , “ქართული ოცნება” თავისი ტროლ-ბოტებით და თავისი რესურსებით, ხომ შეძლებდა არა 1 000, არამედ 5 000 ხმა დაემატებინა მისთვის სასურველი კანდიდატისთვის. აქედან გამომდინარე, თუ არ იქნებოდა გადაზღვეული ის, რომ მართლა ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს მიეღოთ მონაწილეობა, რასაკვირველია თავმჯდომარეს აირჩევდა “ქართული ოცნება”. შეიძლება ეს ხდება იმის გამო, რომ ნაცმოძრაობამ შეცდომა დაუშვა და ეს ვერ გაითვალისწინა, ძალიან სასაცილო შეცდომაა ის, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არჩევენ ნაცმოძრაობის ლიდერს, ეს როგორ შეიძლება დაუშვა, თუ შეთანხმებული არ ხარ, მაგრამ თუ შეთანხმებულია და ამის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილს გამოუშვებენ, ჩვენ ვთვლით, რომ ეს კარგი შეთანხმებაა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, მაგრამ თუ შეთანხმება არ არის და აღმოჩნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ ციხეში ზის ამის შემდეგ, მაშინ ვერ ვხვდები რაში აწყობს მიხეილ სააკაშვილს, რომ პარტია დაახიეს, აქედან გამომდინარე ველოდები უფრო მეტ სკანდალებს”- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.