ნიკო კვარაცხელიას დედა – ძმებ კაკულიებს ჩვენ ბრალს არ ვდებთ

გურამ და დავით კაკულიებს ჩვენ არ ვდებთ ბრალს, ბრალი დასდო პროკურატურამ, საგამოძიებო მხარემ, რომელმაც ათი ათასი ფურცელი დაგვიდო, როგორ გეგმავდნენ ეს ახალგაზრდები ნიკოს მკვლელობას. მე ყველაზე მეტად მინდა,რომ მათი სახელი არ ფიგურირებდეს ნიკოს მკვლელობასთან, – ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე გურამ კაკულიას მიერ პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, რითაც ის ამტკიცებს,რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში მას და მის ძმას, დავით კაკულიას არანაირი შემხებლობა არ აქვთ.

როგორც იზა ომაძემ განმარტა, მისი ოჯახი კაკულიებს ცილს არ სწამებს და აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ნიკოს მკვლელობა შესაძლოა კაკულიებს მოსვლოდათ თავში.

იზა ომაძის თქმით, მისი შვილის მკვლელობიდან ათ წუთში, საქმეს მთაწმინდა-კრწანისის პოლიციამ კვალიფიკაცია მისცა, რომ შემკვეთები სწორედ კაკულიები იყვნენ.

როგორც ომაძე ამბობს, დაკვეთის შესახებ პოლიციასთან სწორედ გიორგი კავილაძემ განაცხადა, რომელიც მისი შვილის მკვლელობის ერთ-ერთი მსჯავრდებულია.

„როდესაც სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე აიყვანეს მან სიტყვა-სიტყვით თქვა, რომ მათ [გიორგი კავილაძეს და აკო ჭელიძეს] მკვლელობა დაუკვეთა კაკულიამ. მე, როგორც დედას ყველაზე მეტად მინდა, რომ ისინი ამ საქმის თანამონაწილეები არ იყვნენ. კავილაძის ოჯახი მათ პირდაპირ და ირიბად სდებდა ბრალს.

კაკულიებს ჩვენ არ ვადებთ ბრალს, ბრალი დასდო პროკურატურამ, საგამოძიებო მხარემ, რომელმაც ათი ათასი ფურცელი დაგვიდო, როგორ გეგმავდნენ ეს ახალგაზრდები ნიკოს მკვლელობას. მე ყველაზე მეტად მინდა, რომ მათი სახელი არ ფიგურირებდეს ნიკოს მკვლელობასთან. მე მათ ვუსურვებ, რომ ძალიან ბედნიერები იყვნენ თავისი სიმართლით. როგორც ჩემი შვილი წარსდგა ღვთის წინაშე ისე წარდგებიან ისინიც. რაც შეეხება გიორგი კავილაძის ოჯახს, ამ ოჯახმა ათამდე ახალგაზრდას მოსდო ჩირქი. კავილაძის და ჭელიძის ოჯახს ქვეყანაში ცხოვრების მორალური უფლება არ აქვთ. ისინი არიან სპეცსამსახურების თანამშრომლები, განსაკუთრებით დედები და ეს პროცესი თავდაყირა მათ დააყენეს“, – განაცხადა იზა ომაძემ.

მისივე განმარტებით, მათ ოჯახს კაკულიებთან მტრობა არ ჰქონია, ამიტომ მიიჩნევს, რომ მოტივის გარეშე კაკულიებს მისი შვილის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა არანაირად არ შეეძლოთ.

„ნიკო მოკლა სისტემამ და ჩაითრია ყველა ის ახალგაზრდა, ეს იქნება გურამი, დავითი თუ ა.შ. ეს არის ჩემგან უტყუარი ინფორმაცია.[ნიკოს მკვლელობაში] მათ ხელი კავილაძის ოჯახმა დაადო, ათ წუთში კი პოლიციამ. პოლიციელმა თქვა, რომ აი, ეს არის ვერსიაო. [კაკულიებს ხელი ]კავილაძემ მისი აყვანის პროცესში დაადო და მე რა უფლება მაქვს, რომ არ მჯეროდეს?! პროკურატურამ დაგვიდო მასალა, სადაც მათი თანამონაწილეობა იკვეთება. ყველაზე მეტად მინდა, რომ ისინი არ იყვნენ ამ პროცესის თანამონაწილეები“, – განაცხადა ომაძემ.

ამასთან, იზა ომაძე მიიჩნევს, „ახლა, პროკურატურაში საქმე ლაგდება, თუმცა, ნიკოს სასარგებლოდ არა“.

„ლაგდება იმათ სასარგებლოდ, ვინც ჩვენ წინა პროცესზე შემოგვყვირა, 1 წელი და ოთხი თვე გახდა და რით ვეღარ იგლოვეთო. ალბათ, მათ გარეთ გამოუშვებენ, ალბათ, სხვები არიან მოსაკლავები. მე კაველაძეზე მაქვს საუბარი. კაველაძის ოჯახი ცდილობს, რომ დაიხსნას. ალბათ, კიდევ არის მოსაკლავი და კარგად აორგანიზებს კაველაძის ოჯახი მოკვლა-გამოხსნის ამბავს. საქმე ლაგდება ყველას სასარგებლოდ, ვინც ამ პროცესის თანამონაწილეა”, – აცხადებს იზა ომაძე „ინტერპრესნიუსთან“.

გარდა ამისა, როგორც იზა ომაძე ამბობს, ის სრულიად დისტანცირებულია კაკულიების ბრალდების საქმეზე, რომელიც სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობას ეხება. როგორც ომაძე ამბობს, როგორც მოქალაქეს პოზიცია გააჩნია, რომლის მიხედვითაც „მტკიცდება რომ ამ ქვეყანას სასამართლო არ ჰყავს“.

შეგახსენებთ,რომ 22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. მომხდარზე პოლიციამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. სასამართლომ კი, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნიკოს მკვლელობის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ძმები, დავით და გურამ კაკულიებიც გამოჰკითხა, რომლებსაც ბრალი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე – სერგი ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ. ორივე ძმა კავშირს გამორიცხავს, როგორც ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმეში ისე, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში.