დღევანდელმა მოწმეებმა დაადასტურეს თავისი ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნა, რაზეც ხელს აწერდნენ. საუბარი იყო სამედიცინო ნიუანსებზე, რომლებიც ასე თუ ისე იყო საკამათო – მაგალითად, საკვების მიღებასთან და წონის კლებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საკითხზე მსჯელობდნენ.
როგორც ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, დაცვის მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე კვირაში მათი მოწმეების დაკითხვები დასრულდება, შემდეგი კვირიდან კი მეორე მხარის მოწმეების დაკითხვები დაიწყება.
„რეალურად, მათ ჰქონდათ იმის პრეტენზია, რომ იყო არასწორი გამოსვლა შიმშილობიდან – რომ ის ზედმეტ საკვებს იღებდა. ეს ისეთი ნიუანსებია, რომლებზეც პასუხი უნდა გასცენ სხვა ექსპერტებმა, რომელთაც ხელი მოაწერეს სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს დასკვნას. იმ სამმა ექსპერტმა, რომლებიც მოვლენ და დაიკითხებიან აქ და რომელთა დაკითხვა და ექსპერტიზის დასკვნაც დაუშვა მოსამართლემ. ალბათ, ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალის დასადგენად მათთან იქნება შეკითხვები.
მთავარია რას დაეყრდნობა მოსამართლე. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, მათ კი აქვთ თავისი. ამ პოზიციებზე მხარეებმა უნდა იდავონ. როდესაც ექსპერტი საუბრობს ისეთ ნიუანსებზე, რომელშიც ექსპერტი თვითონ არის, იურისტი მასთან პოლემიკაში ვერ შევა. ასევე, მეორე მხარის სამედიცინო ექსპერტის პოზიცია უნდა წარმოჩინდეს. დღეს დაცვის მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ კვირაში დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვები დასრულდება, შემდეგი კვირიდან ჩვენი მოწმეების დაკითხვები დაიწყება და უფრო მეტი საშუალება გვექნება, რომ მეტი არგუმენტი წარმოვადგინოთ. ჯერჯერობით ჩვენ არაფერს ვამბობ, ჩვენ მხოლოდ კითხვებს ვსვამთ და საბოლოო ჯამში რას ვამბობთ, ეს დასკვნით სიტყვაში იქნება.
არ ვამბობთ, რომ ჩვენ მხოლოდ სამხარაულის დასკვნას ვეყრდნობით. ჩვენ ასევე ვეყრდნობით ბევრ სხვადასხვა გარემოებას, კონკრეტულ მოცემულობას – იმ რეალობას და პრაქტიკას, თუ როგორი უნდა იყოს დემენციით დაავადებული ადამიანი, არის თუ არა ამის შესაბამისობაში სააკაშვილის მოქმედება მისი გონებრივი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. კონკრეტულად თუ რაიმე წინააღმდეგობა არის, რაც ნამდვილად არის ამ ორივე მხარის დასკვნებს შორის, ამაზე მეორე მხარის ექსპერტებსაც ვკითხავთ. ჩვენს დასკვნით სიტყვაში ვიტყვით ჩვენს პოზიციას, ასევე იტყვის დაცვის მხარე და საბოლოო ჯამში მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ რომელი მხარე არის სწორი“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.