„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტოცისკარიშვილის განცხადებით, პარტიის შიგნით წევრებს შორის საერთო ენის გამონახვის პრობლემა არ დგას.
მისისვე თქმით, ბოლო პერიოდში დაძაბული, კონკურენტული გარემოს მიუხედავად, აუცილებლად გამონახავენ თანამშრომლობის ფორმას და ერთიანად განაგრძობენ ბრძოლას.
„რამდენიმე ჩვენმა თანაგუნდელმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თანამდებობები დატოვეს, თუმცა ისინი რჩებიან პარტიაში. ჩვენ მათთან აუცილებლად გამოვნახავთ სათანამშრომლო ფორმას, საერთო ენას რეჟიმის წინააღმდეგ ერთად საბრძოლველად. ბოლო რამდენიმე კვირა ცხადია, დაძაბული, კონკურენტული გარემო იყო, ასე ხდება დასავლური ცივილიზაციის, ღრმა დემოკრატიის მქონე ქვეყნებში. იქაც არის დაძაბულობა და კონკურენცია, დაპირისპირება და ბრალდებები. სხვადასხვა პარტიას, რომლებიც წლების განმავლობაში ყოფილან ერთმანეთთან დაპირისპირებული, მათაც კი გამოუნახავთ საერთო ენა და არ მესმის, ჩვენი პარტიის შიგნით რატომ უნდა იყოს საერთო ენის გამონახვა პრობლემა“, – განაცხადა პეტო ცისკარიშვილმა.
პეტრე ციკარიშვილის განცხადებით, პარტიას აქვს პოტენციალი, იყოს გაძლიერებული, რაც მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ.
„ზოგადი გეგმა არის, რომ პარტია იყოს ძლიერი – „ნაციომალური მოძრაობა“ თავისი წევრებით და სტრუქტურით. ყველა ასპექტეში უნდა იყოს გაძლიერებული. პარტიას ამის პოტენციალი აქვს, რადგან საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა. ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. ქუჩის აქციები და პროტესტი შემდეგში მოდის ბუნებრივად, როდესაც ხელისუფლება შემხვედრ ნაბიჯს არ დგამს, რასაც ხალხი და ოპოზიცია მისგან ითხოვს. მაშინ ჩნდება ბუნებრივი ქუჩის პროტესტი, აქცია რუსთაველზე თუ სხვა ქალაქში. ხელოვნურად დაგეგმილი აქციები ეფექტური არ არის. შეიძლება, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს აქციას, სთხოვო მხარდამჭერებს და შეკრიბო, გამოხატო პროტესტი, მაგრამ მძალვრი ქუჩის პროტესტი არის მაშინ, როდესაც ეს მოდის ქვევიდან ზევით. არა, როცა პარტიის თავმჯდომარე კარნახობს, არამედ ხალხის მოთხოვნა არის და პარტია იმდენად ძლიერია, რომ ამის ორგანიზებას ეფექტურად ახერხებს. როცა კაბინეტში შეკეტილი ხარ, ცენტრალურ ბრძანებებს ელი, ერთ მშვენიერ დღეს აქცია ხომ არ დაგვეგგემაო, ასე დიდი, მძლავრი და ეფექტური აქციის გაკეთება შეუძლებელია. შენ უნდა შეამზადო სიტუაცია, ატმოსფერო უნდა იყოს გაჟღენთილი პროტესტით, რომ ხალხი გამოგყვეს. ამას ძლიერი პარტია სჭირდება“, – აღნიშნა პეტო ცისკარიშვილმა.