საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ებრაული ორგანიზაცია ლიმუდის წარმომადგენლებს, აღმასრულებელ დირექტორ ნატაშა ჩეჩიკს, საოპერაციო დირექტორ გაბი ფარბეროვს, ლოჯისტიკის დირექტორ იან ბირბრერსა და მორის კრიხელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა თბილისის დიდი სინაგოგის თავმჯდომარე, მერაბ ჩანჩალაშვილი.
„სტუმრებმა რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარეს მოკლედ მოუთხრეს ლიმუდის იდეის თაობაზე. მათი თქმით, ლიმუდი ებრაული კულტურულ-საგანმანათლებლო კონფერენციაა, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან სესიებს, სემინარებს, შეხვედრებს სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის. ფორმატი დაახლოებით, 40 წლის წინ, ბრიტანელმა ებრაელებმა შეიმუშავეს. კონფერენციის უპირატესობა ისააა, რომ მის პროგრამას მოხალისეები შეიმუშავებენ და კონკრეტული რეგიონის ინტერესებს არგებენ.ლიმუდი იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების ებრაულ თემებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, ტორონტო, კიევი, ბაქო, იერუსალიმი, ლონდონი, სიდნეი. შემოდგომაზე კი ლიმუდს შესაძლოა, თბილისმა უმასპინძლოს. ეს გახდა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრის თემა.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს დახმარება აღუთქვა და გამოთქვა სურვილი, რომ მის მუშაობაში სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობა. მან მოკლედ მოუთხრო რელიგიის სააგენტოს ჩამოყალიბებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ. მან განსაკუთრებული ყურადღება ქართულ-ებრაულ უნიკალურ ურთიერთობებზე გაამახვილა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება და სწორედ ამის გამო მიენიჭა მას არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი.
სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარეს და რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.