არ გამოვრიცხავ, რომ ირიბად იყოს ბიძინა ივანიშვილის კვალიც, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ეკა ბესელიას განცხადებით, დიდი ფულით ოპოზიციურ ფლანგზე მანიპულირება ახალი არ არის.
„არ გამოვრიცხავ. მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, არ იქნება სწორი, მაგრამ რატომ არ გამოვრიცხავ? იმიტომ, რომ დიდი ფულით მანიპულირება ოპოზიციურ ფლანგზე არ არის ახალი ამბავი და როდესაც გაქვს გავლენაც და ყველაზე დიდი რესურსიც, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ადამიანების პროვოცირებით, მანიპულირებით, გარკვეული ძალების გადაჯგუფებით, სამწუხაროდ ეს შესაძლებელია.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ირიბად ამაში იყოს მისი კვალიც, რადგან მის ინტერესებში არის, რომ ერთი ძლიერი პარტია იყოს, რომელმაც შეიძლება მოუგოს 2024 წლის არჩევნები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიას თქმით, არაა გამორიცხული ბიძინა ივანიშვილი 2023 წელს ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე დაფიქრდეს.
„შეიძლება ვადამდელ არჩევნებზე ივანიშვილი დაფიქრდეს. 2024 წელი ხომ პროპორციული არჩევნებია, პროპორციულ არჩევნებში „ოცნება“ აგებს. მან წააგო 2020 წლის არჩევნები პროპორციულად, 60/60-ზე გაიყო მანდატები, სანამ მაჟორიტარებით არ მოიგო. 2020 -ში რომ გაუჭირდა, თქვენ წარმოიდგინეთ, 2024-ში სრულად პროპორციული იქნება, უმძიმესია მეოთხე ვადით გამარჯვება. თუ ვადამდელს დანიშნავს, იგივე სისტემით ჩატარდება. ეს არის „ოცნებისთვის“ გაცილებით უკეთესი პოზიცია, ამიტომ არ გამოვრიცხავ 2023 წელს დანიშნოს ვადამდელი“, – დასძინა ბესელიამ.
ამასთან, როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას არ გამორიცხავს.
„ვისაც არ უნდა, არც „ნაციონალური მოძრაობასთან“, მაგრამ არც „ოცნების“ ქოლგის ქვეშ ყოფნა, ასეთი ალტერნატივა შეიძლება შექმნას მაგალითად გახარიამ, მაგალითად იმ პარტიებთან, ვინც წამოვიდა „ოცნებიდან“ , შეიძლება მათთან ერთად მოხდეს რაღაც ალტერნატივის შექმნა, არ გამოვრიცხავ თეორიულ დონეზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ვისაც არ უნდა, არც „ნაციონალური მოძრაობასთან“, მაგრამ არც „ოცნების“ ქოლგის ქვეშ ყოფნა, ასეთი ალტერნატივა შეიძლება შექმნას მაგალითად გახარიამ, მაგალითად იმ პარტიებთან, ვინც წამოვიდა „ოცნებიდან“ , შეიძლება მათთან ერთად მოხდეს რაღაც ალტერნატივის შექმნა, არ გამოვრიცხავ თეორიულ დონეზე“, – დასძინა მან.