მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ, ჯერ შესაბამისი პროცედურები აქვს გასავლელი.
ალასანიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დილის მდგომარეობასთან შედარებით, უკეთესია.
„ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ [რეანიმაცია]. ჩემი ინფორმაცია ასეთია, რომ პროცედურები აქვს გასავლელი. მისი მდგომარეობა უკეთესია. ძალიან მძიმე, დღე იყო. ყველანი დავიღალეთ, თვითონ მკურნალი ექიმებიც. ისინიც ხომ ღელავენ. სახეზე ეტყობა ყველას, რომ ღელავენ. ახლა უკეთესია მისი მდგომარეობა. დილით რომ ვნახე, მაღალი სიცხე ჰქონდა. ძალიან განერვიულებული იყო. ახლა შედარებით მშვიდად იყო და სიცხემაც დაუწია“, – განაცხადა ალასანიამ.
კითხვაზე, მიიღო თუ არა სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედისგან“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით შეთავაზება, ალასანია ასე პასუხობს:
„დღეს მთელი დღე ეს გვესმის და აბა არ მიიღო? მე ასე ვიცოდი, რომ ეს პროცედურები იყო გასავლელი“.
ის ასევე გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომ კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ და რომ კონკრეტული ადამიანები ემუქრებიან. ალასანიას თქმით, მან არ იცის, ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს, გარეშე პირებში.
„ვინ არიან ეს გარეშე პირები? არ ვიცნობ ამ გარეშე პირებს. მე უკვე გარეშე პირადაც არ ვითვლები, აქ ვარ ჩასახლებული. არ ვიცი, ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს“, – აღნიშნა ალასანიამ.