ირაკლი ქადაგიშვილი: დასუსტებული „ნაცმოძრაობა“ კარგია ქართული პოლიტიკური ცხოვრების გამოჯანსაღებისათვის

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ დასუსტებული „ნაცმოძრაობა“ კარგია ქართული პოლიტიკური ცხოვრების გამოჯანსაღებისათვის. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს „ნაცმოძრაობა“ საფრთხობელად არ სჭირდება.

„მე მგონია, რომ ჩვენ არ გვჭირდება არც იაგო ხვიჩიას და არც სხვისი პროგნოზები და რეცეპტები. ჩვენ მარტივად და გასაგებად ვთქვით: დასუსტებული „ნაცმოძრაობა“ კარგია ქართული პოლიტიკური ცხოვრების გამოჯანსაღებისათვის. ამიტომ ჩვენი რეცეპტი ასეთია: კარგია სუსტი „ნაცმოძრაობა“, რათა ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება იყოს ქვეყანაში, პირველ რიგში – ოპოზიციურ ფლანგზე. ასე რომ, „ნაცმოძრაობა“ არ გვჭირდება არავის საფრთხობელად. ჩვენი წარმატებისთვის გვჭირდება იმ 10%-იანი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, დიდი საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რომელზეც მთავრობა მუშაობს, და ის ხელშესახები პროგრესი, რომელიც იქმნება ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი ამ პოლიტიკურ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.