სერიოზულად რომ შევაფასოთ მისი ეს განცხადება ცოტა რთულია, იმიტომ რომ მან ამით გააკეთა დემონსტრირება იმის, თუ სადაა მისი როგორც პოლიტიკური ლიდერის ინტელექტი, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ „ნაცმოძრაობა“ მზადაა დათმოს მანდატები, სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ.
„ყველაზე დიდი ფრაქციის საპარლამენტო პარტია ამბობს, რომ მე დავტოვებ პარლამენტს, საკრებულოებს და ა.შ. ანუ, საერთოდ აცდენილია იმას, რასაც ჰქვია დემოკრატიული პროცესი, საპარლამენტო პროცესი, რასაც ჰქვია საქართველოს სვლა ევროკავშირის მიმართულებით. ამ საარჩევნო კამპანიის დროს მათი მთავარი ლოზუნგები და საკამათო თემა იყო – ვინ უფრო მაგარი მხარდამჭერი იქნება მიხეილ სააკაშვილისა. ახლა გახდნენ თავიანთივე წამოწეული ლოზუნგის მძევლები. პირველი შედეგები ამ პოლიტიკისა დავინახეთ, როდესაც ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ასეთ აბსურდში მუშაობა შეუძლებელია, მერე ვიღაცამ მიკერძოებაში არ ჩათვალოს ჩემი პოზიცია და გადავდგები ფრაქციის თავმჯდომარეობიდანო. დაახლოებით ასეთი განცხადება გააკეთა. ეს არის იმ შიდა დესტრუქციის გაგრძელება, რაც ამ ბოლო თვეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხდება. ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ეს არის შიდა რადიკალიზაცია, რომელიც იწვევს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშლას. აქედან გამომდინარე, ეს არის მათი შიდა პრობლემა და არა „ქართული ოცნების“ განსახილველი საკითხი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, მანდატები დათმოს და ოფისები „ქართულ ოცნებას” გადაუფორმოს.