იუტას შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ტრანსგენდერი ახალგაზრდებისთვის ე.წ. „გენდერის დამადასტურებელ“ მკურნალობას კრძალავს.
იუტას შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა ახალი კანონპროექტები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ახალგაზრდებისთვის ე.წ. „გენდერის დამადასტურებელი“ მკურნალობა იკრძალება და ასევე, ოჯახებს საჯარო სკოლების სისტემის გარეთ განათლების მიღების დასაფინანსებლად სტიპენდიების მიღების საშუალება ეძლევათ. ორივე კანონპროექტი ბევრად დიდი ეროვნული მოძრაობის ნაწილს წარმოადგენს.
გუბერნატორმა სპენსერ კოქსმა, რომელსაც ტრანსგენდერულ პროცედურებთან და მკურნალობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საჯაროდ არასოდეს დაუფიქსირებია, ახალ კანონპროექტს მასთან გადაგზავნიდან ერთ დღეში მოაწერა ხელი. იუტას შტატის ახალი კანონპროექტი ახალგაზრდებისთვის ტრანსგენდერულ ოპერაციებს და არასრულწლოვნებისთვის, რომელთაც გენდერული დისფორიის დიაგნოზი არ აქვთ, სქესის შესაცვლელი ჰორმონოთერაპიის კურსის გავლას კრძალავს. შტატის საკანონმდებლო ორგანომ, სადაც რესპუბლიკელები დომინირებენ, აღნიშნული აკრძალვის შემოღება პრიორიტეტად მიიჩნია და კონონპროექტის პირველი სამუშაო ვერსია 10 დღეზე ნაკლებ ვადაში შეიმუშავა.
კოქსის მიერ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების ფონზე, მსგავს კანონპროექტებს სულ მცირე 18 შტატის კანონმდებლები განიხილავენ.
გუბერნატორმა თავის განცხადებაში განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მის რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრად გონივრული იქნებოდა, თუ „ეს განუწყვეტელი სიცოცხლის სამუდამოდ შემცვლელი მკურნალობები ახალი პაციენტებისთვის გარკვეული დროით შეჩერდებოდა, სანამ აღნიშნული მკურნალობის გრძელვადიან შედეგებთან დაკავშირებით სათანადო მეცნიერული კვლევა არ ჩატარდებოდა“.
გუბერნატორის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, რომელთაც დოკუმენტი ტრანსგენდერი პირების კონსტიტუციური უფლებების სერიოზულ დარღვევად შეაფასეს, რადგან, მათი თქმით, ამით ტრანსგენდერების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ დგება და შესაბამისად, გუბერნატორს კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს.
წყარო: newposts.ge