ნინო წილოსანი – მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ამზადებს თემატურ მოხსენებას საკითხზე – ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობაში. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, კომიტეტის ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს, სსიპ „აწარმოე საქართველოში” და სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელებთან.

„სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხი ჩემი, როგორც აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იქნება. დღევანდელ შეხვედრაზე შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან მივიღეთ ინფორმაცია სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით. მოკვლეული ინფორმაციებით საქართველოში ჰექტარზე მოსავლიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს განვითარებულ ქვეყნებში არის და, რა თქმა უნდა, ქართული აგრო პროდუქციის კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მოსავლიანობა გავზარდოთ. ამას კი ვერ მივაღწევთ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე. ჩვენ შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე. თემატურ მოხსენებაში ასახული იქნება ის, თუ რა უნდა გააკეთოს სოფლის მეურენობის განვითარების სააგენტომ და სხვა უწყებებმა სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით. იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით შესაბამის შედეგებს მივიღებთ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თემატური მოხსენება გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის მხარდაჭერით ხორციელდება.