ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოზე 30 000-მდე პირია დასაქმებული.
მისივე თქმით, 2022 წლის განმავალობაში საზოგადოების მიღმა ღია შრომის ბაზარზე დაახლოებით 8 000-მდე სოციალურად დაუცველი მოქალაქე დასაქმდა.
„საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, საზოგადოებრივ სამუშაოებზე სხვადასხვა ვაკანსიაზე 30 000-მდე პირია დასაქმებული, აქედან მონიტორინგის შედეგად კონკრეტული დარღვევის ფაქტები დაახლოებით 1500-დან -1600-მდეა. ის რაოდენობა, სადაც დარღვევებით ხორციელდებოდა სამუშოები, მოდის ფაქტებზე, როცა ყოველდღიური ვიზიტები და შესაბამისი სამუშაო დროის აღრიცხვა არ ხდებოდა. შესაბამისად, ამ „ქეისებზე“ დასაქმების სააგენტომ რეაგირება მოახდინა.
ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულები უკვე ღია შრომის ბაზარზე გადავიყვანოთ, ხოლო ახალი დასაქმებულები, სოციალურად დაუცველები შემოვიყვანოთ საზოგადოებრივ სამუშაოებში. 2022 წლის განმავალობაში საზოგადოების მიღმა ღია შრომის ბაზარზე დაახლოებით 8 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე დასაქმდა. ვფიქრობ, რომ ეს კარგი მონაცემებია, იმის გათვალისწინებით, რომ რვა თვის მონაცემია. 2023- ში კიდევ უფრო მეტად აქტიური იქნება დასაქმების სააგენტო ღია შრომის ბაზარზე მოქალაქეების დასაქმების პროცესში. ღია შრომის ბაზარზე განსხვავებულია სექტორები და ვაკანსიები“, – განაცხადა ბარკალაიამ.
შეგახსენებთ, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დასაქმების პროგრამა 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა.