ზურაბ ჩხაიძე: კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა ექიმს, უკვე გადავიდნენ ოჯახის წევრებზეც

კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა ექიმს, უკვე გადავიდნენ მუქარებზე. არა კონკრეტულად ჩვენზე, არამედ ოჯახის წევრებზეც ,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

„გუშინ გავიმეორეთ PCR-ტესტი, მივიღეთ უარყოფითი პასუხი. ასევე, გადამოწმდა სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზი და უნდა ითქვას, რომ ლაბორატორიული მონაცემების კუთხით არის გაუმჯობესება. ვესაუბრეთ საბადრაგო სამსახურს, პერსონალურ ექთანს, რომელიც იმყოფება იქვე და მათ გონების კარგვა უშალოდ არ უნახავთ. პაციენტის გადმოცემით, მან წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას. ზეწოლა მუდმივად ხდებოდა, მაგრამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის, მუქარების ქვეშ. კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა ექიმს. წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ მუშაობს პერსონალი, იმიტომ, რომ უკვე გადავიდნენ მუქარებზე – არა კონკრეტულად ჩვენზე, არამედ ოჯახის წევრებზეც“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, სიცრუეა. ნადირაძის თქმით, პაციენტი იმყოფება თავის პალატაში და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას არ საჭიროებს.