მაია ბითაძე: მეტროს ვაგონების შესყიდვას რუსული კომპანიისგან ახორციელებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში რუსულ კომპანიასთან მეტროს ვაგონების შესყიდვაზე ხელშეკრულების განახლება განმარტა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს მოვისმინე არაერთი კომენტარი ისეთი ადამიანების, ვისაც მგონი შესყიდვებთან და არც მოქმედ კანონმდებლობასთან შეხება არ აქვს. არ იციან რაზეა საუბარი. აქ საერთოდ რუსული კომპანიაა, აფრიკული, თუ ტრანსატლანტიკური, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ერთი მოცემულობა, რომ შესყიდვა ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ. ეს არის ევროპული ბანკი, ევროკავშირის ბანკი, ძალიან ხალხურად რომ ვთქვათ, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი სტანდარტი. რაც მთავარია, ტექნიკური შესაბამისობაა საქართველოს მეტროსთან. მეტრო ბევრ ქვეყანაში სხვადასხვანაირია. ამ შემთხვევში, რუსული კომპანია ტექნიკურად ყველაზე გამართლებული კომპანიაა, რომელმაც შეიძლება „სატრანსპორტო კომპანიის“ თანხის დაზოგვის ხარჯზე შეასრულოს მაღალკვალიფიციური საქმიანობა ვაგონების შესყიდვასთან და მოწოდებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის სახელმწიფო შესყიდვა, ეს არის ევროპის ბანკის შესყიდვა, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ შეჩერდა, მოლაპარაკებების შემდეგ კი კონტრაქტში შევიდა შესწორებები. მერწმუნეთ, ვერავინ გავლენას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკზე ვერ მოახდენს”, – განაცხადა ბითაძემ.