არჩილ თალაკვაძე: ანგარიშმა დაადასტურა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს მაშინაც

ამ ანგარიშმა დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით ჩვენ მტკიცებით ფორმაში – საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს მაშინაც და ანგარიშში ასახული პროგრესი არ არის მხოლოდ დღევანდელი მოცემულობა. ეს არის მაშინდელი რეალობაც. გამოდის, რომ მაშინ რა პროგრესიც გვქონდა, ის შეაფასა ევროკავშირმა, იმიტომ რომ ეს კითხვარი მაშინ შეივსო, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, პირველ რიგში, საჯარო მოხელეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ კითხვარის შევსებაში. ეს კოლოსალურ სამუშაოს მოითხოვდა. იცით, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეს სამუშაო მაშინ ჯეროვნად ჩატარდა. რადიკალური ოპოზიცია მაშინ დაგვცინოდა კიდეც, რომ ხელისუფლება ამას ვერ შეავსებს და ამიტომ უნდა ჩავერთოთ და ვნახოთ, რას წერენო. ევროკავშირის ამ ანგარიშმა დაადასტურა რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი. პირველი – საქართველო მიდის სწორი მიმართულებით და რეფორმები, რომელსაც ქვეყანა ატარებს, არის სწორი და მიმართულია ევროინტეგრაციის ამოცანების შესრულებისკენ. საქართველო რეალურად უახლოვდება ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას. მეორე, რაც ამ ანგარიშმა დაადასტურა, არის ის, რასაც ვამბობდით ჩვენ მტკიცებით ფორმაში – საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს მაშინაც და ანგარიშში ასახული პროგრესი არ არის მხოლოდ დღევანდელი მოცემულობა. ეს არის მაშინდელი რეალობაც. გამოდის, რომ მაშინ რა პროგრესიც გვქონდა, ის შეაფასა ევროკავშირმა, იმიტომ რომ ეს კითხვარი მაშინ შეივსო. მესამე, რაზეც გვესმის მუდმივი დეზინფორმაცია, ყოველდღე ცილს სწამებენ ჩვენს ქვეყანას, დაქირავებული ლობისტები სულ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს აქვს დემოკრატიული უკუსვლა, ინსტიტუტები დაშორდნენ ევროპულ ღირებულებებს და ამიტომ ეთქვა უარი ქვეყანას კანდიდატის სტატუსზე. დღეს რა ხდება? ევროკომისიის ოფიციალურ შეფასებაში ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს საუკეთესო შედეგები. შეფასების კრიტერიუმების ექვსი ჯგუფიდან სამში საქართველო ლიდერობს და წინ უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.