ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან. ეს კომენტარი სახელმწფო დეპარტამენტმა “ამერიკის ხმასთან” გააკეთა.
“ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის”, -განაცხადა “ამერიკის ხმის” ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ “საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება”. მან ქართული ოცნება შეაქო იმისთვისაც, რომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ლავროვის განცხადებებს “ქართული ოცნების” ლიდერები კმაყოფილებით შეხვდნენ და თქვეს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა “მისასალმებელი იქნება”.