გელა ნიკოლაიშვილი – მიზანია თავისუფლება, რაც მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის რაც შეიძლება მეტად დამძიმების გზაზე გადის

მათი მიზანი ჯანმრთელობა არ არის, მათი მიზანია, თავისუფლება , – ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა გელა ნიკოლაიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება გადის მისი ავადმყოფობის რაც შეიძლება მეტად დამძიმების გზაზე.

„კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა ის რეალობა, რაც გვაქვს. ერთის მხრივ არის ექიმების გუნდი და პენიტენციური სისტემა, რომელთა მიზანიც არის, რაც შეიძლება ჯანმრთელი იყოს ეს ადამიანი, ცოცხალი იყოს და არის მეორე გუნდი, რომელსაც პოლიტიკური მიზნები აქვს. მათი მიზანი ჯანმრთელობა არ არის, მათი მიზანია, თავისუფლება. ეს თავისუფლება გადის მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის რაც შეიძლება მეტად დამძიმების გზაზე და ეს ორი მიზანი, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ამაზე ილაპარაკა განსაკუთრებით ნინო ნადირაძემ.

რაც შეეხება მეორე მოწმეს, რაც მას კითხვები დაუსვეს, გასცა ადეკვატური პასუხები“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

კითხვაზე არის თუ არა დარღვევა კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის მიერ მიხეილ სააკაშვილის კვების შესახებ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება, გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს:

„არ მგონია, რომ რას მიირთმევს და რას ჭამს ადამიანი, ეს იყოს რაღაც პერსონალური ინფორმაცია“.