მადლობას ვუხდით ევროკომისიას საქართველოს დადებითად შეფასებისთვის – მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ისევე შეუერთდნენ ევროკავშირის ღირებულებებს, როგორც ქართველი ხალხი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნავს.
გახარიას თქმით, ქვეყნის ტექნიკური წინსვლა საყურადღებოდა, თუმცა პოლიტიკური პროგრესი ჩამორჩება.
„მადლობას ვუხდით ევროკომისიას საქართველოს დადებითად შეფასებისთვის. ჩვენი ტექნიკური წინსვლა საყურადღებოა, თუმცა პოლიტიკური პროგრესი ჩამორჩება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ისევე შეუერთდნენ ევროკავშირის ღირებულებებს, როგორც ქართველი ხალხი. ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი გვაქვს!“- წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. დოკუმენტში საუბარია ციფრულ ტრანსფორმაციასა და მედიაზეც და ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ელექტრონული ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას, კომუნიკაციებს, ელექტრონულ კომერციასა და აუდიო-ვიზუალურ მომსახურებას.