„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, გუშინ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე დარბაზი თითქმის ცარიელი იყო.
მისივე თქმით, ევროპარლამენტში გამოვიდნენ ის ადამიანები, რომელთა ბოლოდროინდელი განცხადებებიც პოლარიზებისაკენ არის მიმართული.
„რა 364 დეპუტატი, ორი კაცი არ ესწრებოდა, დარბაზი ცარიელი იყო. არ გაქვთ კადრები? გამოდიოდნენ ის ადამიანები, რომელთა განცხადებებსაც ბოლო დროის განმავლობაში ვისმენთ და რომლებიც სიმართლეს არ შეეფერება, მხოლოდ პოლარიზებისაკენ არის მიმართული“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, შესაბამისი უწყება პატიმრების უსაფრთხოებისთვის ყველაფერს აკეთებს. მისივე განაცახდებით, მიხეილ სააკაშვილი საკვების არმიღებით თვითდაზიანებას ეწევა, რაშიც ხელს უწყობს მისი გარემოცვა.
„პენიტენციური სისტემა, შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის, სიცოცხლის უსაფრთხოება იყოს დაცული. სააკაშვილი გამონაკლისია, რომელიც არის თვითდაზიანების რეჟიმში. ადამიანი თუ მიიღებს საკვებს, შეჭამს საჭმელს, არანაირი პრობლემა არ ექნება. თვითდაზიანების რეჟიმშია, რაშიც ხელს უწყობს მისი გარემოცვა – ოჯახის წევრები, პარტიის წევრები და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.