ლევან ხაბეიშვილი: შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ზეპარტიული შტაბები და პარტიის საბიუჯეტო სახსრები ამ შტაბებისკენ იქნება მიმართული

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები შეიქმნება, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, შტაბებს ყველანაირი დახმარებას გაუწევს პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის საბიუჯეტო სახსრებით.

„პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებ, იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბების შექმნა და უზრუნველყოფა ამ შტაბების ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურისადა ყველანაირი დახმარების გაწევის, მათ შორის პარტიის საბიუჯეტო სახსრების მიმართვა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებისთვის. საზოგადოებამ იცის, რომ მიმდინარეობდა ამ კვირეების განმავლობაში კონსულტაციები და ეს კონსულტაციები იმართებოდა ერთ კანდიდატთან, ეს იყო გიორგი ჩალაძე, რომელსაც ეყოლება გუნდი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ შტაბების ჩამოყალიბებაზე, გამართვაზე. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, დაეხმაროს ლოჯისტიკაში, მათ შორის პარტიის საბიუჯეტო სახსრები მიმართოს ამ მიმართულებით. ხელი შუეწყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ამ მიმართულების გააქტიურებას და პირველი ჩემი გადაწყვეტილება იქნება ამ შტაბების ჩამოყალიბება. ეს იქნება ზეპარტიული და ამ შტაბში გაწევრიანება შეეძლება ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ჩვენი ქვეყნის ეროპული მომავალი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.