გია ბაღაშვილი წლების წინ ჯემალ ღაღანიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მსახიობს ემოციური პოსტით ემშვიდობება:
„კიდევ ერთმა დიდმა პიროვნებამ დაგვტოვა… ბატონი ჯემალ ღაღანიძე აღარ გვყავს! ეს საოცარი კაცი, სიკეთით სავსე, თბილი, გვერდში მდგომი, სიხარულის მფრქვეველი… დიდებული არტისტი!
მშვიდობით, ბატონო ჯემალ! მადლობა თქვენთან ერთად სცენაზე თუ სცენის მიღმა გატარებული ულამაზესი წლებისთვის. მადლობა უსაყვარლესი როლებისთვის, გვერდში დგომის ფანტასტიკური ნიჭისთვის…
ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობისა და მეგობრობის პატივი მერგო. „ჩემი მაესტრო” – ასე მომმართავდით, არადა, მთელი ცხოვრება მე ვსწავლობდი თქვენგან პროფესიონალიზმს, საქმის მიმართ თავდადებას, მაყურებლის პატივისცემას, სიხარულისა თუ ტკივილის ღირსეულად გადატანას…
გზა მართალს გამყოფოთ გამჩენმა…“,- წერს გია ბაღაშვილი.
ცნობისთვის, მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
ღაღანიძეს განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა “ბახტრიონი”, ბ-ნი გიორგი “მზიანი ღამე”, არჩილ ფორია “გვადი ბიგვა”, ფირუზა “მეტეხის ჩრდილში”, ვაჭარი ტყუილკოტრიანცი “ხანუმა”, ლავრენტი და მამამთილი “კავკასიური ცარცის წრე”, I ღმერთი “სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, II ალქაჯი “მაკბეტი”.
გადაღებულია ფილმებში: “ჩემი მეგობარი ნოდარი”, “კარდაკარ” , “ფეოლა”, “ვინ არის დამნაშავე”, “კაპიტნები”, “მოიტაცეს თამარ ქალი”.
2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ ჯემალ ღაღანიძის “ვარსკვლავი” გაიხსნა.