ძალიან გთხოვთ, თვალები არ გადმოგიცვივდეთ, ნელა, ფრთხილად. ძალიან გთხოვთ, ნუ მელაპარაკებით ასე!,- ასე მიმართა სასამართლო პროცესზე ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა ეკა ჩავლეიშვილმა, რომელიც მოწმის სახით იკითხება.
სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნის განხილვას ეკა ჩავლეიშვილსა და ხაჭაპურიძეს შორის კამათი მოჰყვა.
მანამდე სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ზურაბ ვალიშვილმა ჩავლეიშვილს ექსპერტიზის დასკვნის შესახებ კითხვები დაუსვა, რაზეც ექსპერტმა უპასუხა, რომ როგორც არ უნდა შეუბრუნოს კითხვა, მაინც თავდაპირველ პასუხს გასცემს იმიტომ, რომ რაც ადვოკატებს უნდათ, იმ პასუხს ვერ მიიღებენ.
სწორედ ამ დროს ჰკითხა შალვა ხაჭაპურიძემ მოწმეს, თუ რატომ ვერ მიიღებს ადვოკატი კითხვაზე პასუხს
„იმიტომ, რომ მე ამაზე პასუხი უკვე გავეცი და ბევრნაირად მიტრიალებს [ადვოკატი ზურაბ ვალიშვილი კითხვას]“ , – განაცხადა ეკა ჩავლეიშვილმა.
ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მას კითხვით მიმართა, თუ სად ისწავლა ასეთი საუბარი?!
„ასეთი საუბარი მე, მასწავლა სასამართლო პროცესებმა და თქვენთან ურთიერთობებმა“, – უპასუხა ადვოკატს ეკა ჩავლეიშვილმა.
თავის მხრივ, შალვა ხაჭაპურიძემ ექსპერტს მიუთითა, რომ მისი კოლეგა ზურაბ ვანიშვილი დიაგნოზთან დაკავშირებით ეკითხებოდა მას, რომელსაც „ეუზრდელება“.
„არ ვეუზრდელები, ეს არ არის უზრდელობა. ძალიან გთხოვთ ცოტა კორექტულად ისაუბრეთ“, – მიმართა ადვოკატს ექსპერტმა ჩავლეიშვილმა.
თავის მხრივ, მოწმეს კორექტულობისკენ მოუწოდა ხაჭაპურიძემაც.
„კულტურაა, როცა ამბობთ – თქვენ რაც გინდათ იმ პასუხს ვერ მიიღებთო? ასე ილაპარაკეთ სადმე. მე კორექტულად უნდა ვისაუბრო და თქვენ არაკორექტულად?!- აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.