ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია

ევროკომისიის დასკვნა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია, განსაკუთრებით, თუ სხვა კანდიდატებს შევადარებთ. ეს შეფასება საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადს უფრო მეტ წონას მატებს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოქტომბრის შეფასება დიდწილად ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 პუნქტის შესრულებას დაეთმობა.

„მგონია, რომ ამ სექტორულ შეფასებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ დოკუმენტით ძალიან კარგად არის წარმოდგენილი, თუ სად არის საქართველო. ეს არის ძალიან ობიექტური შეფასება და ამ შეფასების უგულვებელყოფა საქართველოს მოწინააღმდეგეს, თუ არსებობს ასეთი ევროკავშირში, ძალიან გაუჭირდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა მაშინ ფორსმაჟორში იმუშავა, მხოლოდ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს შეეხო და რეალურად სექტორული ინტეგრაცია საერთოდ არ განუხილავს. ამის გამო საქართველო დაიჩაგრა და გვქონდა ჩვენ და მთელს ქართულ საზოგადოებას იმედგაცრუება და წყენა, რომ ჩვენ უსამართლოდ მოგვექცნენ. მოლდოვას და უკრაინასაც არ აქვთ სრულფასოვანი სტატუსი, მათაც აქვთ პირობები, რომელიც უნდა დააკმაყოფილონ იმისთვის, რომ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე. ჩავთვალოთ, რომ ეს წყენა და იმედგაცრუება უკან მოვიტოვეთ იმ იმედით, რომ წელს უკვე ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.