ნორვეგიაში თურქეთის საელჩოს წინ დაგეგმილი ანტიისლამური საპროტესტო აქცია აკრძალეს

ნორვეგიაში თურქეთის საელჩოს წინ დაგეგმილი ანტიისლამური საპროტესტო აქცია აკრძალეს – გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეები ყურანის დაწვის სცენის გათამაშებას აპირებდნენ.

ნორვეგიის მთავრობამ უსფრთხოების დაცვის მიზნით, ანტიისლამური დემონსტრაცია აკრძალა, რომელიც ოსლოში თურქეთის საელჩოსთან უნდა გამართულიყო.

ნორვეგიულმა პოლიციამ, რომელმაც ღონისძიება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რჩევით გააუქმა, განაცხადა, რომ ხელისუფლებას აშფოთებდა ის ფაქტი, რომ მომიტინგეები ე.წ. პერფორმანსის სახით, ყურანის ასლის დაწვას აპირებდნენ, იმ მოვლენასთან გამოსახმაურებლად, რაც გასულ თვეში შვედეთში მოხდა და მთელი ისლამური სამყარო აღაშფოთა.

– “პოლიციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნორვეგიაში ყურანის დაწვა ლეგალური პოლიტიკური განცხადების გაკეთებას ნიშნავს, თუმცა, უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების მიზნით, ეს არ მოხდება“ – განაცხადა ოსლოს პოლიციის ინსპექტორმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.

ქვეყნის ულტრამემარჯვენე ორგანიზაციამ – „შეაჩერე ნორვეგიის ისლამიზაცია“ (SIAN) ადგილობრივ გამოცემასთან დაადასტურა, რომ მისი მხარდამჭერები თურქეთის საელჩოს წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ყურანის დაწვას ნამდვილად აპირებდნენ.

– “მე ხელისუფლებას თურქეთის საელჩოს წინ პოლიტიკური აქციის გასამართად ნებართვის ასაღებად მივმართე. მე ამას თურქეთის მხრიდან დასავლური ღირებულებების შეუწყნარებლობის გამო ვაკეთებ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, ერდოღანის დასავლეთის ქვეყნებში ბატონობას“ – განაცხადა ორგანიზაციის ლიდერმა გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ნორვეგიაში დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ თურქეთმა ანკარაში მყოფი ნორვეგიის ელჩი დაიბარა, რათა ხელისუფლების აღშფოთება გამოეხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ნორვეგიის ხელისუფლებამ დაგეგმილ აქციას მწვანე შუქი აუნთო.

ნორვეგიის საგარეო უწყებამ ოფიციალური ანკარასგან მიღებული გაფრთხილების შემდეგ, რომელმაც დაგეგმილი აქცია „პროვოკაციულ აქტად“ მიიჩნია, დემონსტრაციის გაუქმება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი საპროტესტო აქცია გასულ თვეში შვედეთში თურქეთის საელჩოსთან გაიმართა, რა დროსაც დანიელმა პოლიტიკოსმა ყურანი დემონსტრაციულად დაწვა. აღნიშნულმა ფაქტმა ანკარა იმდენად აღაშფოთა, რომ ქვეყნის ხელისუფლებასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების თაობაზე, გააუქმა.

წყარო: newposts.ge