შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რეგიონებში არსებული დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, გზებზე იმოძრაონ ზამთრისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.
როგორც საპატრულო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილება შესაძლებელია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზნით, ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.
„ამასთანავე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მონიტორინგს უწევენ ავტომობილების ზამთრის საბურავებით გადაადგილებას დაბა წაღვერიდან ბაკურიანი-ცემის მიმართულებით. ზაფხულის საბურავების აღმოჩენის შემთხვევაში, ავტომობილის მძღოლს არ მიეცემა საშუალება, გადაადგილდეს ზემოთ აღნიშნული მიმართულებით“, – აღნიშნულია საპატრულო დეპარტამენტის განცხადებაში.